მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პატრიარქის მდივანი: სააკაშვილს ილია II-ს წერილს გადავცემ – მისი თხოვნაა, შიმშილობა შეწყვიტოს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. მისი თქმით, სააკაშვილს წერილი უნდა გადასცეს - ილია II ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

"კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით - მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობაზე. მინდა, წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. მისი უწმინდესობის თხოვნა და რჩევაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა". - ამბობს მიქაელ ბორკოველი.  

პატრიარქის მდივანი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად 7 ოქტომბერსაც მივიდა და მოუწოდა, შიმშილობა შეეწყვიტა - თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 35-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

3 ოქტომბრეს მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა და თქვა, რომ ის კიდევ უფრო დასუსტებულია და ტესტების პასუხიც გაუარესდა. თუმცა, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

კომენტარები