მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პატრიარქის მდივანი: საპატრიარქოში პრეზიდენტთან სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა

საპატრიარქო

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ გუშინ, 3 ნოემბერს საპატრიარქოში სალომე ზურაბიშვილისა და პატრიარქის შეხვედრაზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.  

"[სააკაშვილის შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა. ამაზე გააკეთა მამა გიორგი ზვიადაძემ განცხადება, ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი შეეხებოდა COVID-პანდემიას, რომელიც აწუხებს ქვეყანას და ბოლოდროინდელი სტატისტიკა შემაშფოთებელია. 

საპატრიარქო ასეთ [შეწყალებაზე] თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგან ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს". - ამბობს ის. 

დეკანოზი მიქაელი რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მსოანახულებლად და მისთვის პატრიარქის წერილის გადასაცემად მივიდა - ილია II ექსპრეზიდენტს სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს. 

პატრიარქის მდივანი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად 7 ოქტომბერსაც მივიდა და მოუწოდა, შიმშილობა შეეწყვიტა - თუმცა მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 35-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

3 ოქტომბრეს მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა და თქვა, რომ ის კიდევ უფრო დასუსტებულია და ტესტების პასუხიც გაუარესდა. თუმცა, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

კომენტარები