ავღანეთი

WSJ: ავღანეთის ყოფილი მთავრობის სამხედროებისა და ჯაშუშების ნაწილი ISIS-K-ს შეუერთდა

IS-K-ს წევრები შეიხ ჯალალუდდინის საწვრთნელ ბაზაზე, 2015 წელი

The Wall Street Journal-ის ცნობით, ავღანეთის ყოფილი მთავრობის სამხედროებისა და დაზვერვის ჯაშუშების ნაწილი, რომელთაც აშშ ავარჯიშებდა, თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად ტერორისტულ დაჯგუფებაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციაში (ISIS-K) გაწევრიანდნენ. 

თალიბანის ლიდერების, ასევე ყოფილი მთავრობის დაზვერვის წარმომადგენლებისა და ISIS-K-ში გაწევრიანებული პირების ნაცნობების ცნობით, ასეთი შემთხვევები ამჟამად ცოტაა, თუმცა თანდათან იზრდება. მსგავსი პირების ტერორისტულ დაჯგუფებაში გაერთიანება პოტენციურად გააძლიერებს ISIS-K-ს და შესაძლოა ისინი თალიბანისთვის უფრო დიდ გამოწვევად იქცნენ. 

ყოფილი ავღანელი ოფიციალური პირის თქმით, ISIS-K-ში გაწევრიანდა გარდეზში, სამხრეთ პაკტიას პროვინციის დედაქალაქში მყოფი იარაღის საწყობის მეთაური, რომელიც თალიბებმა გასულ კვირაში, შეტაკების დროს მოკლეს. 

ყოფილი ოფიციალური პირის WSJ-სთან ამბობს, რომ დაჯგუფებაში გაწევრიანდა მისი რამდენიმე ნაცნობი, რომლებიც სამხედროები და დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ. თალიბანის მთავრობამ მათი სახლები გაჩხრიკა და ამ პირებს ჩაბარება მოსთხოვა.

თალიბანის მიერ სექტემბერში დაკავებული პირი, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობაშია ბრალდებული
WSJ

ამავე წყარომ გამოცემას უთხრა, რომ ქარაბაღის რაიონში მცხოვრები კაცი და მისი ბიძაშვილი, რომელიც დაზვერვის მაღალჩინოსანი იყო, სექტემბერში გაქრნენ და ახლა ISIS-K-ს წევრები არიან. ტერორისტებს შეუერთდა მისი ნაცნობი კიდევ 4 სამხედროც. 

ავღანეთის ჯაშუშების სააგენტოს ყოფილი მეთაურის, რაჰმათულა ნაბილის თქმით, ზოგ რეგიონში ISIS-ი მიმზიდველი გახდა იმ ყოფილი სამხედროებისთვისა და ჯაშუშებისთვის, რომლებიც, ნაბილის თქმით, აშშ-მ "უკან მოიტოვა".

"წინააღმდეგობა რომ ყოფილიყო, ისინი მას შეუერთდებოდნენ. ამჟამად ISIS-ი ერთადერთი შეიარაღებული ჯგუფია", – ამბობს ნაბილი. 

თალიბებმა სექტემბრის შუა რიცხვებში დიდი დარტყმა მიაყენეს ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტს პანჯშირის პროვინციაში. წინააღმდეგობამ პანჯშირის ხეობაზე კონტროლი ფაქტობრივად სრულად დაკარგა. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქაბულის დაცემის შემდეგ, წინააღმდეგობა დაიწყო პანჯშირის პროვინციაში. აქ დაარსდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, რომელსაც აჰმად მასუდი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი უძრვებიან. მას შემდეგ, რაც თალიბანმა პანჯშირის ხეობაზე შეტევა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა დიდი ტერიტორიები დაკარგეს. თალიბანი აცხადებს, რომ ხეობაზე კონტროლი მოიპოვეს.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები