ავღანეთი

ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალში მოწყობილ ტერაქტს, მინიმუმ, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტის ადგილი
Reuters

2 ნოემბერს, ქაბულში, ავღანეთის ყველაზე დიდ, სამხედრო ჰოსპიტალთან მომხდარ ორ აფეთქებას, მინიმუმ, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულია ათობით სხვა. აფეთქებებს მოჰყვა სროლა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) მოაწყო. რამდენიმე მოწმე ამბობს, რომ აფეთქებებამდე მათ დაინახეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, რომელთაც შეტაკება ჰქონდათ საავადმყოფოს დაცვასთან. 

გასულ თვეში ISIS-K-მ ავღანეთში, მათ შორის ქაბულშიც, გაახშირა თავდასხმები. აქამდე მათი სამიზნეები ძირითადად შიიტური მეჩეთები იყო. 

დაჯგუფების ტერაქტები აჩენს დასავლეთის შიშს, რომ ავღანეთი კვლავ ტერორიზმის თავშესაფრად იქცევა. 

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში ISIS-K-ს მიერ მოწყობილ ტერაქტს 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქაბულის დაცემის შემდეგ, წინააღმდეგობა დაიწყო პანჯშირის პროვინციაში. აქ დაარსდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, რომელსაც აჰმად მასუდი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი უძრვებიან. მას შემდეგ, რაც თალიბანმა პანჯშირის ხეობაზე შეტევა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა დიდი ტერიტორიები დაკარგეს. თალიბანი აცხადებს, რომ ხეობაზე კონტროლი მოიპოვეს.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

    კომენტარები