ევროპაში არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ რუსეთისგან მომავალი ენერგოზეწოლის დასაძლევად და რეგიონის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის, მოლდოვის დასახმარებლად ევროკავშირი 60 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევროკომისიის ცნობით, გამოყოფილი 60 მილიონი გრანტია და არა სესხი და ის მოლდოვას გაზის შესყიდვაში დაეხმარება, თუმცა აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისის მოსაგვარებლად, რადგან მოლდოვის ენერგომომარაგება თითქმის 100%-ით რუსულ გაზზე, კერძოდ, კომპანია Moldovgaz-ზეა დამოკიდებული, რომელიც რუსული Gazprom-ის კონტრაქტორია.
ცივი შემოდგომა-ზამთრის ფონზე, კოვიდრეგულაციების მოხსნამ და მობილობის ზრდამ გაზზე მოთხოვნა უჩვეულოდ გაზარდა, თუმცა Gazprom-ს მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად არ გაუზრდია, რამაც ევროპის მასშტაბით ენერგოპროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა და ენერგოკრიზისი გამოიწვია.
კრიზისის გადატანა ყველაზე რთული ისეთი სახელმწიფოებისთვის აღმოჩნდა, რომელთა სისტემა ნაკლებადაა დივერსიფიცირებული და შედარებით მაღალია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაჩვენებელი, სწორედ ასეთია მოლდოვა, სადაც ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
25 ოქტომბერს მოლდოვამ პოლონური კომპანიის PGNiG-ისგან ერთი მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზი შეისყიდა. მოლდოვის მთავრობის თანახმად, ეს შესყიდვა მოლდოვის ენერგომარაგის დივერსიფიცირებას ემსახურება.
"საცდელი შესყიდვა შესრულდა ალტერნატიული წყაროებისგან გაზის შესყიდვის შესაძლებლობის შემოწმებისთვის და ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემაში დაბალი წნევის დაბალანსებისთვის" – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება, რამაც თითქმის მთლიან კონტინენტზე გამოიწვია ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 70-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა.
Intercontinental Exchange, Inc.-ის (ICE) მონაცემებით, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 600%-ით გაიზარდა და 6-ჯერ უფრო ძვირია წინა წელთან შედარებით. ევროკომისიის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის ფასი 200%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ნავთობის ფასი 3-წლიან მაქსიმუმზეა და იზრდება ქვანახშირის ფასებიც.
კრზისის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაზზე გლობალური მოთხოვნის ზრდა სახელდება, მოთხოვნის ზრდა კი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყნების ეკონომიკების აღდგენას უკავშირდება.
წინ მოსალოდნელზე უფრო ცივი ზამთარია - ევროპულ ქვეყნებს კი კონკურნეციის გაწევა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან უწევთ, რაც მოთხოვნას და ფასებს მაღლა წევს.
ევროკავშირი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე - Eurostat-ის მონაცემებით, 2019 წელს ევროგაერთიანებაში გაზის 90%-მდე იმპორტირებული იყო. ევროგაერთიანებაში გაზის მთავარი ექსპორტიორი კი რუსეთია, ევროკავშირის იმპორტის 40%-მდე სწორედ მასზე მოდის, თუმცა, მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, რუსეთს მიწოდება არ გაუზრდია. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში კი ბუნებრივი აირის წარმოება იკლებს.