ენერგოკრიზისი ევროპაში

ენერგოკრიზისის ფონზე მოლდოვამ გაზი პოლონეთისგან შეისყიდა

25 ოქტომბერს მოლდოვამ პოლონური კომპანიის PGNiG-ისგან ერთი მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზი შეისყიდა. მოლდოვის მთავრობის თანახმად, ეს შესყიდვა მოლდოვის ენერგომარაგის დივერსიფიცირებას ემსახურება.

"საცდელი შესყიდვა შესრულდა ალტერნატიული წყაროებისგან გაზის შესყიდვის შესაძლებლობის შემოწმებისთვის და ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემაში დაბალი წნევის დაბალანსებისთვის" – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

გასულ კვირას ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისი გამო მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  ენერგოკრიზისის გამო მოლდოვის გაზზე მოთხოვნილების მხოლოდ 67%-ია დაკმაყოფილებული, რამაც პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აიძულა. მოლდოვა გაზს რუსეთისგან იღებს კომპანია Moldovagaz-ის მეშვეობით, რომელიც რუსული კომპანია Gazprom-ის კონტრაქტორია.

Gazprom-ი თავის მხრივ მოლდოვას ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ, ორგანიზაციის თქმით, ქვეყანა ვალს არ დაფარავს და ახალ კონტრაქტს არ შეათანხმებს.

სექტემბერში Gazprom-მა და Moldovagaz-მა კონტრაქტი 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს, თუმცა, პრემიერმინისტრ ნატალია გავრილიტას თქმით, Moldovagaz-ი ქვეყანას სამყოფ გაზს არ აწვდის და ოქტომბერში მიღებული ბუნებრივი აირის რაოდენობა იმის მესამედია, რაც ჩვეულებრივ ოქტომბერში უნდა მიეწოდებოდეთ.

გავრილიტას თანახმად, მოლდოვა კვლავ ცდილობს ურთიერთობას Gazprom-თან ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედი არ აქვს. 

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში გაზის ფასი 600%-ით გაიზარდა, ელექტროენერგია კი 200%-ით გაძვირდა, რამაც თითქმის მთლიან ევროზონაში გამოიწვია ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 1975 წლის შემდეგ არ ყოფილა.

რა ფაქტორებმა გამოიწვია ენერგოკრიზისი ევროპაში ნახეთ აქ.

კომენტარები