ენერგოკრიზისი ევროპაში

ენერგოკრიზისი ევროპაში – გაზის და დენის ფასები რეკორდულად იზრდება

ენერგოკრიზისი ევროპაში

ენერგოკრიზისი ევროპაში – გაზის და დენის ფასები რეკორდულად იზრდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება, რამაც თითქმის მთლიან კონტინენტზე გამოიწვია ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 70-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა

Intercontinental Exchange, Inc.-ის (ICE) მონაცემებით, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 600%-ით გაიზარდა და 6-ჯერ უფრო ძვირია წინა წელთან შედარებით. ევროკომისიის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის ფასი 200%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ნავთობის ფასი 3-წლიან მაქსიმუმზეა და იზრდება ქვანახშირის ფასებიც.

Euronews-ის თანახმად, ევროპაში ყველაზე მაღალი ფასები ელექტროენერგიაზე საბერძნეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ხორვატიაშია - 230 ევროს ფარგლებში 1 მგვტ.სთ-ზე. გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში კი ფასი 1 მგვტ.სთ-ზე 75 ევროს ფარგლებშია.

როგორ იზრდებოდა გაზზე ფასები ევროპაში ბოლო თვეების განმავლობაში:

წყარო: Intercontinental Exchange, Inc.

კრზისის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაზზე გლობალური მოთხოვნის ზრდა სახელდება, მოთხოვნის ზრდა კი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყნების ეკონომიკების აღდგენას უკავშირდება.

წინ მოსალოდნელზე უფრო ცივი ზამთარია - ევროპულ ქვეყნებს კი კონკურნეციის გაწევა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან უწევთ, რაც მოთხოვნას და ფასებს მაღლა წევს.

ევროკავშირი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე - Eurostat-ის მონაცემებით, 2019 წელს ევროგაერთიანებაში გაზის 90%-მდე იმპორტირებული იყო. ევროგაერთიანებაში გაზის მთავარი ექსპორტიორი კი რუსეთია, ევროკავშირის იმპორტის 40%-მდე სწორედ მასზე მოდის, თუმცა, მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, რუსეთს მიწოდება არ გაუზრდია. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში კი ბუნებრივი აირის წარმოება იკლებს.

ბუნებრივი აირის ექსპორტიორი ქვეყნების პროცენტული წილი ევროკავშირში:

წყარო: Eurostat

"მილსადენების გავლით, ჩვენ ბუნებრივი აირი მოგვეწოდება ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა რუსეთი, ნორვეგია და ალჟირი, თუმცა, მიუხედავად მაღალი ფასებისა, მიწოდება არ გაზრდილა. ისინი მიწოდებას ჩვეულებრივ, რეგულარულ დონეზე ტოვებენ და ეს ცოტა უცნაურია, რადგან როცა ფასი იზრდება და შენ მიმწოდებელი ხარ, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო და გაყიდო უფრო მეტი რაოდენობა უფრო მაღალ ფასად. ასეთი რამ კი, ჯერჯერობით, არ მომხდარა", - ამბობს დენის ჰესელინგი, ენერგიის მარეგულირებლების კოოპერაციის სააგენტოს ინფრასტრუქტურის, საცალო ვაჭრობისა და ბუნებრივი აირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთმა გაზის მიწოდება, ახლანდელი კონტრაქტების შესაბამისად, მაქსიმუმამდე გაზარდა და კონტრაქტებით გათვალისწინებულ ნიშნულს ვერ გადააჭარბებს.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ევროპა არც თავისი რესურსითაა მზად ზამთრისთვის და ბუნებრივი აირის საცავში მოცულობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია - თუ წინა წლის ოქტომბერში მოცულობა 95% იყო, წელს 75%-მდეა.

გაზზე ფასების ზრდამ ევროზონის 19 ქვეყანაში ინფლაციის ზრდაც გამოიწვია. Eurostat-ის მონაცემებით, ევროზონაში ინფლაცია 13-წლიან მაქსიმუმზეა და 3.4%-ს შეადგენს, ამის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი კი ენერგოსექტორში 17.4%-იანი ინფლაციაა. წინა წელს ამ სექტორში ინფლაციის მაჩვენებელი -8.2% იყო.

ბუნებრივი აირის გაძვირება ქვეყნების ეკონომიკების აღდგენასთან ერთად, მწვანე, განახლებად ენერგიებზე გადასვლის პროცესმაც გამოიწვია.

ევროკავშირში წიაღისეულ საწვავებზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად ამცირებენ და განახლებადი ენერგიების განვითარებას ისახავენ მიზნად - 2020 წელს განახლებადი ენერგიები ევროკავშირში ელექტროენერგიის გამომუშავების მთავარი წყარო გახდა (განახლებადი ენერგიის წყაროებით გასულ წელს ევროზონაში ელექტროენერგიის 38%-მდე გამომუშავდა).

ფაქტია, განახლებადი ენერგიები, ჯერჯერობით, ევროპის ელექტრომოთხოვნილებების სრულყოფილად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რადგან მათი გამომუშავება დიდწილადაა დამოკიდებული ამინდზე.

ქვანახშირის გამოყენება ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის თანდათან მცირდება, ბევრი ქვეყანა კი განახლებად ენერგიებზე გადასვლის პროცესში გარდამავალ, შუალედურ რესურსად სწორედ ბუნებრივ აირს განიხილავს.

ევროზონის ქვეყნების ელექტროენერგიის მეხუთედის წყარო ბუნებრივი აირია, შესაბამისად, ქვეყნებს ელექტროენერგიის მისაღებადაც უწევთ გაზის იმპორტი, რაც ელექტროენერგიის ფასებსაც მაღლა წევს.

რუსეთიდან მიწოდების რაოდენობის არგაზრდა ევროპაში აჩენს ეჭვებს, რომ მოსკოვში კრიზისის გამოყენება ახლადდასრულებული, საკამათო მილსადენის, Nord Stream 2-ის სასარგებლოდ სურთ. 1 230 კილომეტრიანი მილსადენი ბალტიის ზღვის გავლით რუსეთს და გერმანიას აკავშირებს ერთმანეთთან. მიუხედავად მშენებლობის დასრულებისა, მილსადენის ოპერირება ბიუროკრატიული ბარიერების გამო არ დაწყებულა.

Nord Stream 2-ის პროექტი ევროკავშირში თუ მის გარეთ ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მილსადენი ევროპის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტზე და პრეზიდენტ პუტინის გეოპოლიტიკურ გავლენას კიდევ უფრო გაზრდის.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი არიან მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ევროპაში კრიზისი გაზის იმპორტზე, მათ შორის, რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულებითაა გამოწვეული.

"კრიზისის პირველწყარო გაზპრომზე ზედმეტად დამოკიდებულებაა. საუბედუროდ, ფაქტია, რომ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი ამ საწვავს ფასებზე მანიპულაციისთვის იყენებენ", - ამბობს მორავეცკი.

ევროზონაში მოელიან, რომ ფასები ზამთრის განმავლობაში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და დაკლებას გაზაფხულზე დაიწყებს, თუმცა წინა წლების საშუალოზე მაინც მაღალი იქნება.

წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერების 21-22 ოქტომბრის ბრიუსელის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი სწორედ მიმდინარე ენერგოკრიზისი იყო, რომელმაც მილიონობით ევროპელი ცივი ზამთრის წინაშე შეიძლება დატოვოს. 

ბრიუსელის შეხვედრაზე იმსჯელებს კრიზისის შემაკავებელ მექანიზმებზეც და მოიწონეს ეროკომისიის მიერ შეთავაზებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი აირისთვის ევროკავშირის სტრატეგიული რეზერვუარის შექმნას. რეზერვუარმა უნდა უზრუნველყოს სტაბილური მიწოდება მთელი გაერთიანებისთვის და ხელი შეუწყოს ფასების მერყეობისგან თავის არიდებას.

აღნიშნული მიდგომა გულისხმობს იმგვარ მექანიზმებსაც, როგორებიცაა დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სახელმწიფო დახმარება დაზარალებული კომპანიებისთვის და გადასახადების მიზნობრივად დაწევა. ურსულა ფონ დერ ლეიენის თანახმად, უკვე 20-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა მსგავსი მოკლევადიანი პოლიტიკის გასატარებლად და იმ მექანიზმების გამოსაყენებლად, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს მოცემულ სიტუაციასთან გასამკლავებლად უნდა დაეხმაროს. 

 

კომენტარები