ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისი მწვავდება, რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების გამო, ბუნებრივი გაზის ფასებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ცივი ზამთრისა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, რუსული სახელმწიფო კომპანიის, Gazprom-ის მიერ იამალ-ევროპის მილსადენში ბუნებრივი გაზის ნაკადის მარშრუტის შეცვლას მეგავატი ენერგიის ღირებულების თითქმის 50%-ით გაძვირება მოჰყვა.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Gazprom-ის გადაწყვეტილება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ამ გზით რუსეთი ევროპაზე წნეხს ახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ, Nord Stream 2-ის სერტიფიცირებასთან და უკრაინის საზღვართან დაძაბულობასთანაა დაკავშირებული.
ოფიციალური მოსკოვი გაზის მიწოდებასა და პოლიტიკურ წნეხთან კავშირებს უარყოფს და Gazprom-ის გადაწყვეტილებას კომერციულ ვალდებულებებს უკავშირებს.
"Nord Stream 2-თან და Gazprom-ის ქმედებასთან არანაირი კავშირი არ არსებობს, ეს წმინდა კომერციული სიტუაციაა". – თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
რეგულაციების მოხსნითა და სწრაფი ეკონომიკური აღდგენით გამოწვეული მოთხოვნის ზრდის ფონზე, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 600%-ით გაიზარდა და 6-ჯერ უფრო ძვირია წინა წელთან შედარებით. ევროკომისიის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის ფასი 200%-ითაა გაზრდილი.
ევროკავშირი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე - Eurostat-ის მონაცემებით, 2019 წელს ევროგაერთიანებაში გაზის 90%-მდე იმპორტირებული იყო. ევროგაერთიანებაში გაზის მთავარი ექსპორტიორი კი რუსეთია, ევროკავშირის იმპორტის 40%-მდე სწორედ მასზე მოდის, თუმცა, მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, რუსეთს მიწოდება არ გაუზრდია, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში კი ბუნებრივი აირის წარმოება იკლებს.