გაზის ფასების ზრდის გამო მოლდოვაში 20 ნოემბრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ევროზონაში მიმდინარე ენერგოკრიზისის გამო მოლდოვის გაზზე მოთხოვნილების მხოლოდ 67%-ია დაკმაყოფილებული, რამაც პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აიძულა.
მოლდოვა გაზს რუსეთისგან იღებს კომპანია Moldovagaz-ის მეშვეობით, რომელიც რუსული კომპანია Gazprom-ის კონტრაქტორია.
დაახლოებით ერთ-თვიანმა საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანას უნდა მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ბუნებრივი აირი სხვა ევროპული ქვეყნებიდან.
"ჩვენ კრიტიკული სიტუაციის წინაშე ვდგავართ", - ამბობს მოლდოვის პრემირმინისტრი, ნატალია გავრილიტა.
სექტემბერში Gazprom-მა და Moldovagaz-მა კონტრაქტი 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს, თუმცა, პრემიერის თქმით, Moldovagaz-ი ქვეყანას სამყოფ გაზს არ აწვდის და ოქტომბერში მიღებული ბუნებრივი აირის რაოდენობა იმის მესამედია, რაც ჩვეულებრივ ოქტომბერში უნდა მიეწოდებოდეთ.
გავრილიტას თანახმად, მოლდოვა კვლავ ცდილობს ურთიერთობას Gazprom-თან ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედი არ აქვს.
ევროკავშირის რიგ ქვეყნებში გაზის ფასი 600%-ით გაიზარდა, ელექტროენერგია კი 200%-ით გაძვირდა, რამაც თითქმის მთლიან ევროზონაში გამოიწვია ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 1975 წლის შემდეგ არ ყოფილა.
რა ფაქტორებმა გამოიწვია ენერგოკრიზისი ევროპაში ნახეთ აქ.