კახეთის სტიქია

არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, რამაც გაამძაფრა პრობლემა - კობახიძე სტიქიაზე

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თელავში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვები "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული", რამაც "გაამძაფრა ეს პრობლემა."

"რაც შეეხება სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლას, მე პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ უწყებას, ძალიან აქტიურად იყო ჩართული გუშინდელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამაშველო სამსახური, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო, ის რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება. 

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა, ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული ასეთი ტიპის მოვლენებისგან." - თქვა კობახიძემ.

კითხვაზე თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ნებართვების გაცემაზე, ივანიშვილის პრემიერმა უპასუხა, რომ შესაბამისი ორგანოები ნახავენ "რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო არასწორად გაცემული, ვინ იყო პასუხისმგებელი."

კობახიძემ ასევე თქვა, რომ გაფრთხილების სისტემების დამონტაჟების პროცესი აქტიურად გრძელდება "აბსოლუტურად ყველა რეგიონში."


ცნობისთვის, 12 ივლისს, თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

როგორც კახეთის რწმუნებულმა მედიასთან განაცხადა, "ზარალი იქნება დიდი."

მომხდარზე კომენტარი ივანიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრმაც გააკეთა, რევაზ სოხაძის თქმით, "ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება", ხოლო დამბებმა თავიანთი ფუნქცია შეასრულა.

კომენტარები