სააკაშვილის დაკავება

ზალკალიანი პარტნიორებზე: სააკაშვილზე გადამდგარი პოლიტიკოსი რას იტყვის, არაა [მნიშვნელოვანი]

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დასვლელი პარტნიორების გამოხმაურებაზე ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაა და "ექსპერტი, გადამდგარი პოლიტიკოსი რას იტყვის, არ არის [მნიშვნელოვანი].

"თუ მას რაღაც პატრიოტული გრძნობები ჰქონდა და თუ სურვილი ჰქონდა, რომ ჩართულიყო ამ პროცესში, ლეგალურად უნდა გადაეკვეთა როგორც უკრაინის საზღვარი, ისე ლეგალურად უნდა შემოსულიყო საქართველოში. თუ მას ასეთი განზრახვა ჰქონდა, წასულიყო ციხეში და გაეგრძელებინა ბრძლა. აბსოლუტურად განსხვავებული სცენარი ვნახეთ - შემოპარვით, უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით და სწორედ ეს არის ის ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მას ჰქონდა აბსოლუტურად სხვა განზრახვა.

4 ქეისი არის, რაზეც არის ბრალი წაყენებული და ის არის მსჯავრდებული 4 ქეისთან დაკავშირებით. არანაირი პოლიტიკური ქეისი ეს არ არის. ვისგან გაიგეთ [რომ პოლიტპატიმარია] რომელი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლისგან? ". - ამბობს ზალკალიანი. 

ჟურნალისტის მიერ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ზალკალიანი ამბობს: 

"კი, ვუყურებ - ექსპერტი, გადამდგარი პოლიტიკოსი რას იტყვის, ეს ჩემთვის არ არის [მნიშვნელოვანი] მოუსმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას? სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ნახეთ? ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი". - ამბობს ზალკალიანი მთავართან ინტერვიუში.   

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პ რეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

კომენტარები