სააკაშვილის დაკავება

ბასილაია: უკრაინაში სააკაშვილის დევნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

ტაბულა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასიალაიას თქმით, უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მისთვის ჯერჯერობით უცნობია რის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება. ბასიალაია მომხდარს „უკანონო  და ბანდიტურ გადაწყვეტილებას" უწოდებს.

"ჩვენთვის ამ ეტაპზე დაკავების საფუძველი უცნობია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთება სამართლებრივ ჭრილში გაგვიჭირდება.  ეს არის სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლა და არის ბანდიტური გადაწყვეტილება უკრაინის ხელისფულების მხრიდან, რომელსაც წინ უსწრებდა საქართველოს მოქალაქეების სრულიად უკანონო გამოძევება, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებზეა საუბარი, მათი ცემა, წამება და ა.შ."- ამბობს ბასილაია რუსთავი 2-თან საუბრისას.

ბექა ბასიალაი ვერ საუბრობს იმაზე, მოახდენს თუ არა უკრაინა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას.

"იმდენად დიდ უკანონობაზე მიდის უკრაინის ხელისუფლება და თავის მხრივ ქართული ხელისუფლებაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებში, ამ ნაბიჯზეც რომ წავიდნენ არ გაგვიკვირდება, თუმცა მე ვერ გავაკეთებ განცხადებას ინფორმაციის სიმწირის გამო თუ რა შეიძლება მოხდეს."- თქვა ბასიალიამ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ცოტა ხნის წინ დააკავეს. უკრაინული მედიით პირდაპირ ეთერში გადაიცა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ სააკაშვილს სპეცრაზმის წევრები სახურავზე აკავებენ. სააკაშვილის facebook გვერდზე დაიწყო პირდაპირი ეთერი, რომელშიც ასახულია თუ როგორ გაყავთ სამართალდამცავებს ის შენობიდან. 

კომენტარები