თალიბანი

თალიბანი ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის – ავღანეთს უშუქო ზამთარი ემუქრება

FELIPE DANA/ASSOCIATED PRESS

The Wall Street Journal-ის თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება ქაბულში რისკის ქვეშაა, რადგან თალიბანმა შეწყვიტა ელექტროენერგიის გადასახადების გადახდა იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს აწვდიან ქვეყანას. 

ავღანეთის ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დაუდ ნოორზაის თქმით, შედეგები მთელ ქვეყანაზე იქონიებს გავლენას, თუმცა განსაკუთრებით, ქაბულზე. გადაუხდელობის შემთხვევაში, ავღანეთის დედაქალაქს უშუქო ზამთარი ემუქრება.

"მოსალოდნელია უშუქობა, როცა საქმე ეხება ელქტროენერგიასა და ტელეკომუნიკაციას, ეს ავღანეთს ბნელ საუკუნეებში დააბრუნებს", - ამბობს დაუდ ნოორზაი.

ავღანეთს ელექტროენერგიის 70%-მდე ქვეყნის გარედან მიეწოდება და უმეტესწილად, იმპორტზეა დამოკიდებული, მიწოდების შეწყვეტამ კი, როგორც ამას ნოორზაი ამბობს, შესაძლოა, ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

როცა თალიბანმა ქვეყანაზე კონტროლი მოიპოვა, დაიკავა სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელი კომპანიაც (DABS) და მემკვიდრეობით მიიღო ვალი, რომელიც მას ჰქონდა.

კომპანიას $90 მილიონამდე სჭირდება ვალების გასასტუმრებლად, რაც მოიცავს ელექტროენერგიის მიმწოდებლების - თურქმენეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის ვალებს.

2020 წლისთვის კომპანია წლიურად $280 მილიონს იხდიდა იმპორტირებულ ელექტრონერგიაში, თუმცა თალიბანი DABS-ს აღარ აძლევს ნებას გადაუხადოს ვალები კრედიტორებს თავის ანგარიშზე არსებული $40 მილიონიდან.

DABS-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, საფიულა აჰმაზდაის თანახმად, მიმწოდებლებს ელექტროენერგიის შეწყვეტის ყველანაირი უფლება აქვთ. 

მიწოდების შეწყვეტის კონკრეტული რისკი კი ტაჯიკეთისგანაა, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი არ აღიარებს თალიბანის მმართველობას და შეიფარა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები