ავღანეთი

თალიბანის სათნოებისა და ცოდვის სამინისტრომ საპარიკმახეროებს წვერის გაპარსვა აუკრძალა 

თალიბანის სათნოების გავრცელებისა და ცოდვის აღკვეთის სამინისტრომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში საპარიკმახეროებს თანამედროვე ვარცხნილობების გაკეთება და წვერის გაპარსვა აუკრძალა. გარდა ამისა, აბანოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალა მუსიკის დაკვრა და შესრულება.  

თალიბანის განმარტებით, წვერის გაპარსვა ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს და ის მამაკაცები, რომლებიც თანამედროვე ვარცხნილობას ატარებენ, არღვევენ შარიათის კანონებს. 

"თუ რომელიმე საპარიკმახერო ან საჯარო აბანო დაარღვევს წესებს და ვინმეს წვერს გაუპარსავს ან ჩართავს მუსიკას, დაისჯება შარიათის კანონების შესაბამისად და არ ექნება განაჩენის გასაჩივრების უფლება". – წერია მთავრობის განკარგულებაში. 

თალიბანი დამნაშავეების სიკვდილით დასჯისა და კიდურების ამპუტაციის სასჯელის დაბრუნებას გეგმავს

"ყველა გვაკრიტიკებდა დასჯების სტანდიონებზე ჩატარების გამო, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერი გვითქვამს მათ კანონებსა და სასჯელებზე. ვერავინ გვეტყვის ჩვენი კანონები როგორი უნდა იყოს. ჩვენ მივყვებით ისლამს და ჩვენს კანონებს ყურანზე დავაფუძნებთ", – თქვა თალიბანის თანადამფუძნებელმა, მოლა ტურაბიმ სასჯელების კრიტიკასთან დაკავშირებით. 

ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლას და ადამიანის უფლებების შეზღუდვას რამდენიმე კვირაა მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებს. აქციების დასაშლელად და დემონსტრანტთა დასაშინებლად თალიბები სხვადასხვა ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღსაც


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

 

კომენტარები