ავღანეთი

თალიბანმა ავღანელ ქალებს კაცებთან ერთად სწავლა აუკრძალა

BBC

ავღანეთის განათლების მინისტრის, აბდულ ბაქი ჰაქანის თქმით, ქალებს სწავლის უფლება და უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ, თუმცა მხოლოდ სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილ სასწავლებლებში, კაცებისგან განცალკევებით. 

"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გოგონებმა და ბიჭებმა ერთად ისწავლონ". – თქვა ჰაქინმა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების მიღების მსურველ ქალებს ჰიჯაბის ტარება და თალიბანის მიერ შედგენილი სილაბუსით სწავლა მოუწევთ, რომელიც, მინისტრის განმარტებით, სრულ თანხვედრაშია ისლამურ ღირებულებებთან. 

აღსანიშნავია, რომ თალიბანის წინა მმართველობის დროს, 1996-2001 წლებში ქალებს განათლების მიღება აკრძალული ჰქონდათ. სწავლის მცდელობა კი სასტიკად ისჯებოდა. 

20 წლის წინ ავღანეთში აშშ-ს შესვლის შემდეგ, შერეული საგანმანათლებლო მოდელი იქნა შემოღებული, ანუ ქალებსა და კაცებს ერთად შეეძლოთ განათლების მიღება, თუმცა ეს სისტემა 15 აგვისტოს, ხელისუფლებაში თალიბანის ხელახლა მოსვლასთან ერთად დასრულდა. 

"ჩვენთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს შერეული საგანმანათლებლო სისტემის გაუქმება. ქალებმა და კაცებმა განათლება ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა მიიღონ". – თქვა განათლების მინისტრმა. 

შეზღუდვა საგანმანათლებლო ცენტრებში მომუშავე პერსონალზეც ვრცელდება. ქალთა სასწავლებლებში მხოლოდ ქალ მასწავლებლებს და ლექტორებს შეეძლებათ მუშაობა და პირიქით. 

ექსპერტთა შეფასებით, ავღანეთში კვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტია, სკოლებისა და უნივერსიტეტების გენდერული ნიშნით დაყოფა კი კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ამ პრობლემას. 

ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლას და ქალთა უფლებების შეზღუდვას რამდენიმე კვირაა მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებს. აქციების დასაშლელად და დემონსტრანტთა დასაშინებლად თალიბები სხვადასხვა ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღსაც


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები