შანაი ბრუკის მკვლელობა

ზარქუა: არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას, საკუთარი ძმაკაციც რომ იყოს, გასამართლდება

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის გავრცელებულ ფოტოებზე, სადაც ის ქართული ოცნების წევრებთან ერთად იმყოფება, ამბობს, რომ არაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას და დამნაშავე კანონმდებლობით გასამართლდება. 

"არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, დანაშაულის ჩამდენი არის დამნაშავე და ის საქართველოს კანონმდებლობით უნდა გასამართლდეს. მორჩა, ეს არის ჩემი პოზიცია. სულ რომ საკუთარი ძმაკაცი იყოს, ამას გეტყვით". - ამბობს ზარქუა მთავარ არხთან, სატელეფონო საუბრისას. 

დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ქართული ოცნების საოლქო კომისიის წევრი იყო, თუმცა, მან 23 აგვისტოს, შემთხვევიდან 3 კვირის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა გათავისუფლება პოზიციიდან.  ინფორმაციას მთავარ არხს მთაწმინდის საოლქო კომისიის წევრი, გიორგი ზირაქაშვილი უდასტურებს. 

"ეს იყო კონკურსანტი, რომელმაც შემოიტანა საბუთები კონკურსში, როგორც ყველა იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ის აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, რაც არის საკონკურსო განაცხადის და ეს ადამიანი საოლქო საარჩევნო კომისიამ აირჩია. არჩევიდან მალევე დაწერა განცხადება, რომ თუ არ ვცდები, ოჯახური მიზეზით გაგვეთავისუფლებინა კომისიის წევრობიდან". - ამბობს ზირაქაშვილი. 

თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვია. ინფორმაცია ტაბულას დაკავებულის ადვოკატმა, სოფო გოგლიჩიძემ დაუდასტურა

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.". - ამბობენ უწყებაში. 

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა.  ის წერდა, რომ შანაე ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს

კომენტარები