ტურისტის მკვლელობა

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია

Facebook/Shanae Brooke

თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვია. ინფორმაცია ტაბულას დაკავებულის ადვოკატმა, სოფო გოგლიჩიძემ დაუდასტურა. 

ადვოკატის თქმით, ის დროებითი დაკავების იზოლატორში ბრალდებულთან შესახვედრად ახლა მიდის და დამატებითი დეტალების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვს. 

დღეს, 8 სექტემბერს, 30 ივლისს, თბილისში მოკლული ავსტრალიელი მოქალაქის, შანაე ბრუკის საქმეზე, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.". - ამბობენ უწყებაში. 

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა.  ის წერდა, რომ შანაე ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს

კომენტარები