შანაი ბრუკის მკვლელობა

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული: ჩემი თავი ვერ გავაჩერე, არ იყო დაგეგმილი, ასე მოხდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით, ბოდიშს იხდის და განაჩენს არ გაასაჩივრებს.

"ბოდიშს მოვიხდი, დღემდე საერთოდ არ მისაუბრია, არც იქნებოდა სწორი რამეზე მელაპარაკა. აქ მანდილოსნები სხედან და ბოდიშს ვუხდი ყველა მანდილოსანს. არ ვარ ასეთი ადამიანი და არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, იმ დღეს, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო, როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ასე არ უნდა შეგეშალოს და მე შემეშალა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მოხდა. მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს, ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ. უბრალოდ, მაპატიეთ. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიშს გიხდით. ბოდიში, ეს არ იყო დაგეგმილი, ასე მოხდა, გულწრფელად ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი, რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველას ბოდიშს გიხდით" - თქვა მურსაკულოვმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

სხდომა განაჩენის გამოცხადების ეტაპზე, 9 მარტისთვის გადაიდო, რადგან მოკლული ქალის ძმას პროცესზე დასწრება სურს. 

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. ის წერდა, რომ შანაი ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა, ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ.

ქალის ცხედარი 31 ივლისს მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოკლული ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან შანაი ბრუკის დანით 13 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ დანა გაუტყდა და ქალი გაგუდა.

კომენტარები