ქართული ოცნების პოლიტიკა

ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და პატივისცემას - კობახიძე თურქმენეთზე

სერდარ ბერდიმუხამედოვი, ირაკლი კობახიძე 

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რაც მისი თქმით, საქართველოსა და თურქმენეთს შორის "არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს."

"მოხარული ვართ, რომ საქართველოში ვმასპინძლობთ თურქმენეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულობას ბატონ სერდარ ბერდიმუხამედოვს, აღსანიშნავია რომ ეს არის თურქმენეთის პრეზიდენტის მეორე სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში.

პირველი ასეთი ვიზიტი შედგა 2015 წელს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ბატონი გურბანგული ბერდიმუხამედოვი სტუმრობდა, დარწმუნებული ვარ რომ ბატონი პრეზიდენტის ეს ვიზიტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.

მე მქონდა ბატონ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განვიხილეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. 

შუა აზია ზოგადად საქართველოსთვის არის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონი, ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ, როგორც საიმედო პარტნიორს და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. 

ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის. 

ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს, ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტი და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით.

გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა ფართო მასშტაბიანმა ინიციატივებდა და პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და განვითარებისთვის მყარი საფუძვლის შექმნაში.

დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენეთი მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს ამ კურსს, განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს და მიაღწევს შემდგომ წინსვლას თურქმენი ხალხის საკეთილდღეოდ, ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. 

დელეგაციებთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, აღინიშნა რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური განვითარების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის, დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით.

ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო კულტურისა და განათლების მიმართულებით პარტნიორობასაც, ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და გამოვთქვით მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ურთიერთქმედება ამ მიმართულებით. 

ჩვენს პარტნიორობას საფუძვლად უდევს ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თურქმენეთის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს, გავაღრმავოთ ურთიერთობები თურქმენეთთან, ამ ურთიერთობაში ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკურ, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში და დარწმუნებული ვარ რომ ბატონი პრეზიდენტის ეს ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებად." - განაცხადა კობახიძემ. 

კომენტარები