ავღანეთი

ავღანელ ქალს მშობიარობა ევაკუაციის შემდეგ თვითმფრინავში დაეწყო

ავღანელ ქალს ევაკუაციის შემდეგ მშობიარობა თვითმფრინავის ბორტზე დაეწყო. აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე დაეშვა, რის შემდეგაც ბორტზე მედპერსონალი ავიდა და ქალი თვითმფრინავის სატვირთო ნაწილში ამშობიარეს. 

დედა და ბავშვი ავიაბაზასთან მახლობელ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

მგზავრობის დროს ორსული ქალის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც პილოტს გარკვეულ სიმაღლემდე დაშვება მოუწია, რათა თვითმფრინავის ბორტზე წნევა გაზრდილიყო, რამაც ქალის მდგომარეობის სტაბილიზებას ხელი შეუწყო და დედის სიცოცხლე გადაარჩინა.

ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტიდან ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ამჟამად აეროპორტს აშშ-ს ძალები აკონტროლებს. ამ დროისთვის აშშ-ს სამხედრო ძალებმა 17 000 ადამიანი გაიყვანეს ავღანეთიდან. ევაკუაციაში სხვა ქვეყნების სამხედრო ძალებიც იღებენ მონაწილეობას.

ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საბოლოო ვადა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააწესა, 31 აგვისტოა. თუმცა ზოგიერთ სახელწიფოს ამ ვადის გადაწევა სურს, რათა ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეები და ის ავღანელები გაიყვანონ, რომლებიც დასავლეთთან თანამშრომლობდნენ.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები