ავღანეთი

ავღანეთში თალიბებმა ათობით მუსიკალური ინსტრუმენტი საჯაროდ დაწვეს

Natiq Malikzada / Twitter

30 ივლისს ავღანეთის პროვინცია ჰერატში მუსიკალური ინსტრუმენტები - ათასობით დოლარის ღირებულების ათობით გიტარა და სხვა სიმებიანი ინსტრუმენტები, ასევე აუდიო დინამიკები და გამაძლიერებლები დაწვეს.

თალიბანის მთავრობა ყველა საერო მუსიკას ამორალურად მიიჩნევს, პროვინციის ხელისუფლების თქმით კი, მუსიკა ცუდად მოქმედებს საზოგადოებრივ მორალზე.

ავღანეთის სათნოების გავრცელებისა და ცოდვის აღკვეთის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ინსტრუმენტების დაწვა ადგილობრივი თეოლოგების მიერ მიღებული რელიგიური გადაწყვეტილების, ფატვას აღსრულება იყო. 

"მუსიკა რყვნის მორალს და ახალგაზრდები არასწორი გზით მიჰყავს". - თქვა მან.

ავღანეთში უკვე დახურული მუსიკის ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებელმა, აჰმად სარმასტმა, რომელიც ახლა პორტუგალიაში ცხოვრობს, თალიბანის ქმედებებს ვანდალიზმი და კულტურული გენოციდი უწოდა.

ამერიკის შეერთებულ შტატების დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი, ტიმურ კურანი იხსენებს, რომ 2021 წელს თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავღანეთში ადამიანებს რეგულარულად ართმევდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ხოლო პროფესიონალ მუსიკოსებს მუდმივად ავიწროებდნენ, ასევე მიმართავდნენ მათ სიკვდილით დასჯას. რეპრესიების გამო ბევრი მუსიკოსი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. აღსანიშნავია, რომ კურანის თქმით, ყურანში მუსიკასთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არ არსებობს.

თალიბებმა პირველად საერო მუსიკის დაკვრა და მოსმენა მათი წინა ხელისუფლების პერიოდში 1990-იან წლებში აკრძალეს. აღნიშნული შეზღუდვა კი 2021 წელს გადატრიალების და თალიბების ხელისუფლების აღების შემდეგ აღდგა. 

თალიბანი არის რადიკალური ისლამისტური ჯგუფი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებად ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთშია აღიარებული. ამის მიუხედავად, რუსეთის მთავრობა აგრძელებს ოფიციალურ პოლიტიკურ და საქმიან კავშირებს ავღანეთის თალიბანის მთავრობასთან.

კომენტარები