ავღანეთი

თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქაბულში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

მოლა აბდულ ღანი ბარადარი

თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი ქაბულში სხვა ლიდერებთან ერთად ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.

Reuters-თან საუბრისას თალიბანის წარმომადგენლის თქვა, რომ დაჯგუფება მომდევნო რამდენიმე კვირაში ავღანეთის მთავრობის მოდელს შეიმუშავებს. ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასა და ფინანსურ საკითხებზე სხვადასხვა გუნდები მუშაობენ.

"ექსპერტები წინა მთავრობიდან მოწვეული იქნებიან კრიზისმენეჯმენტისთვის". – უთხრა დაჯგუფების წარმომადგენელმა Reuter-ს.

თალიბანის წარმომადგენლის თქმით, ახალი მთავრობის სტრუქტურა არ იქნება დემოკრატია დასავლური გაგებით, მაგრამ "დაიცავს ყველას უფლებებს".​ ბარადარი სამხედრო ლიდერებს, ყოფილი მთავრობის წევრებსა და რელიგიურ სწავლულებს შეხვდება. 

პარალელურად, მდგომარეობა რთულდება ქაბულის აეროპორტში, სადაც ათასობით ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. 

"ევაკუაციის პროცესი ნელია, რისკების გამო, არ გვინდა აეროპორტს გარეთ თალიბანთან ან სამოქალაქო პირებთან რაიმე სახის დაპირისპირება მოხდეს". – ანონიმურად ამბობს NATO-ს წარმომადგენელი Reuters-თან საუბრისას.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები