ავღანეთი

WSJ: სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინება ბაიდენს ქაბულის დაცემაზე აფრთხილებდა

The Wall Street Journal-ის ცნობით, გასულ თვეში სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა გზავნილი ბაიდენის ადმინისტრაციას აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან აშშ-ს ძალების გასვლის ბოლო ვადიდან, 31 აგვისტოს შემდეგ, ქაბული ნავარაუდებზე მალე დაეცემოდა. ეს ინფორმაცია გამოცემას მთავრობის ანონიმურმა წარმომადგენლებმა და დოკუმენტთან ახლოს მყოფმა პირებმა მიაწოდეს.

Wall Street Journal-ის თქმით, ეს გზავნილი ამ დროისთვის ერთადერთი ცხადი სამხილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თალიბანის დაწინაურებასა და ქაბულის დაცემის საფრთხეზე ოფიციალური პირების მიერ იყო გაფრთხილებული. 

გამოცემის ცნობით, შეტყობინებაში არა მხოლოდ ქაბულის დაცემის საფრთხეზე იყო საუბარი, არამედ ევაკუაციის დაჩქარებასა და კრიზისის მენეჯმენტზე. საბუთი 13 ივლისით თარიღდება.

ანონიმური წყაროების მიხედვით, საბუთს ხელს აწერდა ავღანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი, ყველა მათგანი - ამერიკელი.

შეტყობინება აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გაუგზავნეს. როგორც გამოცემის წყაროები ამბობენ, ბლინკენმა ის მიიღო და წაიკითხა. ასევე, მათი თქმით, უკვე დაწყებული იყო ამ პრობლემაზე მუშაობა მანამ, სანამ შეტყობინება მივიდოდა. ბლინკენმა ხელმომწერებს ანგარიშის ჩაბარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

Wall Street Journal-ი შეტყობინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს დაუკავშირდა. მან დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ყველა შეტყობინებას კითხულობდა. 

"[თალიბანის გამარჯვება არაა გარდაუვალი] რადგან ავღანეთს კარგად შეიარაღებული 300 000 სამხედრო ჰყავს, ისევე კარგად აღჭურვილი, როგორც მსოფლიოს ნებისმიერი სხვა არმია. ჰყავთ საჰაერო ძალებიც, სულ რაღაც 75 000 თალიბის წინააღმდეგ. ეს არაა გარდაუვალი....

იმის ალბათობა, რომ თალიბანი ყველაფერს დაიკავებს და მთელ ქვეყანას ხელში ჩაიგდებს, ნაკლებად სავარაუდოა." – ამბობდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ს ავღანეთის დატოვებასთან დაკავშირებით, 2021 წლის 8 ივლისს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები