ავღანეთი

თალიბანმა ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა

თალიბები ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში
The Times of Israel

ხუთშაბათს, 19 აგვისტოს, თალიბანმა ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ამის შესახებ დეკლარაცია სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაჯგუფების სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა გამოაქვეყნა. იგი წერს, რომ საამიროს 19 აგვისტოს გამოცხადება ავღანეთის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 102-ე წლისთავის აღსანიშნავად მოხდა. 

დაჯგუფება ავღანეთისთვის ამავე სახელს იყენებდა 1996-2001 წლებში, როდესაც ისინი ქვეყნის დიდ ნაწილს მართავდნენ. 1996-2001 წლებში ავღანეთის ისლამური საამირო მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. ეს ქვეყნები იყო პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქმენეთი. 

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან ერთად, თალიბანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაამარცხეს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები