შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

"ვხედავთ სახეებს, რომლებმაც საყდრისი ააფეთქეს" – რა და რატომ ხდება ხელოვნების მუზეუმის თავს

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

"ვხედავთ სახეებს, რომლებმაც საყდრისი ააფეთქეს" – რა და რატომ ხდება ხელოვნების მუზეუმის თავს

2021 წლის 4 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში, დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. სამინისტრომ ზრუნვა შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ გასცემს შენობის დემონტაჟის რეკომენდაციას და საერთოდაც, არ საუბრობს ამ ზომის აუცილებლობაზე. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ რიგი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ამ განცხადების შემდეგ ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, თუმცა კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტრო არაფერს ამბობს პოტენციური რესტავრაციის შესახებ და იწყებს მუზეუმის დაცარიელებას. 30 ივლისს საევაკუაციო სამუშაოებს ჩამოაშორეს ხელოვნების მუზეუმის მმართველის, ეკა კიკნაძის გუნდი, თვითონ კიკნაძე კი მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე ჩამოაქვეითეს.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ პროცესებს, სფეროს სხვა ექსპერტებთან ერთად, გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია, რომელიც ამბობს, რომ მუზეუმისა და მასში დაცული ექსპონატებისთვის  საფრთხის მოლოდინი წარსული გამოცდილების შედეგია. კილასონიას თქმით, საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ნეგატიური გამოცდილება და მაგალითები აქვს. 

"საზოგადოება, თბილისის მოქალაქეები, პროფესიონალები, ამ სფეროს მკვლევრები ერთნაირად შევშფოთდით. ამის მიზეზი უპირველესად არის ჩვენი მოლოდინები. როგორც ყოველთვის, ყველა სფეროში მოლოდინებს განაპირობებს გამოცდილება. ჩვენ გვაქვს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ძალიან ცუდი გამოცდილება კულტურულ მემკვიდრეობასთან ან ზოგადად კულტურის სფეროსთან მიმართებით. ეს ნეგატიური გამოცდილება უახლეს წარსულში ერთი-ორად გამწვავდა. 

საქმე არ ეხება მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობას, ფონი და კონტექსტი, რომელიც თუნდაც ამჟამინდელმა მინისტრმა შექმნა, თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის უმწვავესი და იწვევს ცალსახა პროტესტს, ბრაზს და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს". – თქვა სოფო კილასონიამ. 

კილასონიას თქმით, 1835 წელს აგებული შენობა, რომელშიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმია განთავსებული, დაკავშირებულია ევროპულ ღირებულებებთან და საქართველოს იმ პირველი ნაბიჯების გამოტახულებაა, რომლებიც დასავლეთისკენ გადაიდგა. 

ექსპერტებისთვის საინტერესო საკითხია ისიც, თუ რატომ მივიდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობა არსებულ მდგომარეობამდე. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების ნებისა და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია ხელოვნების მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაცია მხოლოდ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სახსრებით მომხდარიყო. სოფო კილასონია ხაზს საკითხის მიმართ ხელისუფლების ინერტულ დამოკიდებულებას  უსვამს და ამბობს, რომ ახლა, როცა მუზეუმი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხელისუფლებისთვის ბევრად გაიოლდა იმაზე საუბარი, თუ რა რთულია მისი აღდგენა და შენარჩუნება. 

"კიდევ საკვლევი საკითხია, აქამდე რატომ მივიდა ამ ნაგებობის მდგომარეობა. მთელი ამ წლების განმავლობაში ყველამ იცოდა ამ ნაგებობის მდგომარეობა და ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. აჯობებს, ამ საკითხს ბევრად სათუთად მოეპყრან. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ხელისუფლება იყო ინერტული ამ ძეგლის გადარჩენის პროცესში. ახლა, როცა ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ბევრად გაიოლდა იმაზე საუბარი, რომ რთულია მისი აღდგენა და შენარჩუნება". – ამბობს კილასონია.

საქმეში კონკრეტული პირების ინტერესებზე საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ფარცხალაძეც. ფარცხალაძე წერს, რომ ძნელია დაადანაშაულო საქართველოს ეროვნული მუზეუმი ან თუნდაც საქართველოს წინა ხელისუფლება იმაში, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში უზარმაზარი ბიზნეს-ცენტრის აშენება გადაწყვიტა. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ექსპერტები ხაზს უსვამენ, პროცესში ჩართული არაკომპეტენტური ადამიანები არიან. სოფო კილასონიას თქმით, მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, ჩართულები არიან ის პირები, რომლებმაც საყდრისის აფეთქების განკარგულება გასცეს. 

"კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი გვაძლევს იმის მიზეზს, რომ ვიყოთ მშვიდად ან ბუნდოვან განცხადებებს ვენდოთ. იმიტომ, რომ ვხედავთ იმ სახეებს, რომლებმაც გასცეს საყდრისის აფეთქების განკარგულება, პირდაპირ იგივე სახეებს ვუყურებთ ჩვენ ხელისუფლებაში და საყდრისის აფეთქებას მოჰყვა ძალიან ზერელე, ვულგარული დამოკიდებულება არაერთ ძეგლთან და ზოგადად კულტურის სფეროსთან მიმართებით". – ამბობს კილასონია. 

გიორგი ფარცხალაძის ინფორმაციით, წლების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმის გადარჩენისთვის ყველა ეტაპზე ეროვნულ მუზეუმს უპირისპირდებოდნენ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მქონე პირები, რომლებიც ავრცელებდნენ მუზეუმზე ცრუ ინფორმაციას და ყველანაირად ხელს უშლიდნენ სამუშაო პროცესს. მათ შორის, ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს შენობას არ სჭირდება რესტავრაცია, რომ საკმარისია მხოლოდ "კოსმეტიკური რემონტი". ზოგის პოზიციით, კი შენობის რემონტი ნივთების ევაკუაციის გარეშეც იყო შესაძლებელი. 

"წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ სწორედ ეს არაკომპეტენტური პირები არიან აქტიურად ჩართულნი სამუზეუმო პოლიტიკის განსაზღვრაში. ხოლო ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ამზადებდნენ მუზეუმის გადარჩენის პროექტს და აქვთ შემუშავებული მოცულობითი პროფესიონალური დოკუმენტაცია, ჩამოართვეს გადაწყვეტილების მიმღების ფუნქცია და ჩამოაქვეითეს.

წლების განმავლობაში ეროვნული მუზეუმი ითხოვდა კოლექციების გადატანას და ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქციას, ხოლო არაკეთილმოსურნენი ამას ისტერიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ახლა კი მინისტრი, რომელიც სწორედ რომ ამ ჯგუფების რუპორია, სიტუაციის შესწავლის შემდეგ,  180 გრადუსით იცვლის პოზიციას და, როგორც თავის დიად ხილვას, გვიზიარებს მოსაზრებას მუზეუმის რეკონსტრუქციის აუცილებლობის შესახებ, თანაც ადანაშაულებს უმოქმედობაში ეროვნულ მუზეუმს". – წერს ფარცხალაძე.

"ნათელია, რომ სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა". – წერია კულტურის სამინისტროს 22 ივლისის განცხადებაში. ფარცხალაძე კი ამბობს, რომ "ესტაკადა აშენდა 2016 წელს, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ. გამოდის, რომ ქ-ნი წულუკიანი თავისივე პარტიას სდებს ბრალს "სიცრუის ავტორობაში"... ეს ალბათ განცხადების ერთადერთი ადგილია, რომელსაც დავეთანხმები".

3 აგვისტოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის საპატრიარქოსთან შევხედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში არსებული ექსპონატების გადასატანად 2 სივრცე განიხილება – ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად გამზადებული საგამოფენო დარბაზი და ფონდსაცავი.

ასევე 3 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს წერილით მიმართა და სთხოვა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი – ანჩისხატი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცეს.

ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს სამოქმედო გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე უნდა იქნეს მოძიებული მუზეუმის საჭიროებებზე მორგებული დროებითი სივრცე თანამშრომლებისა და საცავებისათვის, ხოლო 2022 წლის 5 თებერვალს მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა დასრულებული უნდა იყოს.

ავარიულობის დასადგენად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა შპს კარიატიდამ 2021 წლის პირველ ივლისს გამოაქვეყნა. 

ექსპერტიზის დასკვნაში გვხვდება ავტორების რამდენიმე რეკომენდაციაც:

  • შენობის ნორმალური ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, შეიცვალოს შენობის დაფუძნების სქემა. შენობა მთელი ფართით დაფუძნებული უნდა იყოს მონოლითური რკინაბეტონის გობისებური საძირკვლის ფილებით, რომლებიც დაკავშირებული იქნება არსებულ ლენტურ საძირკვლებთან, კედლებთან და რკინაბეტონის ხიმინჯების საშუალებით დაყვანილი იქნება მდგრად გრუნტებამდე;
  • უნდა შეიცვალოს დაზიანებული სართულშუა გადახურვის ფილები. უნდა მოეწყოს სართულშუა გადახურვებისა და სახურავის დონეზე შენობის კედლებში ანტისეისმური დეფორმაციული სარტყელები;
  • აუცილებელია შენობის ირგვლივ მოეწყოს წყალამრიდი სისტემები (დრენაჟი, მოკირწყვლა და ა.შ.) რათა აღიკვეთოს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება. გრუნტის ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან და სხვა.

სამინისტროს ქმედებები და განცხადებები რამდენიმე კითხვას ბადებს:

პირველ ყოვლისა, რატომ არაფერს ამბობენ სამინისტროში რესტავრაციის გეგმის შესახებ? იმის ფონზე, რომ, მათი თქმით, მუზეუმზე "ზრუნვა" ორგანომ 2021 წლის აპრილში დაიწყო, ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ისტორიულ ძეგლს. თანაც მაშინ, როცა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ რიგი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.

განსაკუთრებით შემაშფოთებლად კი 17 ივლისის განცხადებაში, კონტექსტის გარეშე მოყვანილი ამონარიდებია, რომელიც შპს კარიატიდას დასკვნაში გვხვდება:

"რაც შეეხება მუზეუმის ძირითადი შენობაზე (ე.წ. ყოფილი სემინარია) ჩატარებულ ექსპერტიზას, შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის თანახმად:

  • ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური;
  • ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;
  • შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი". – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ლოგიკურია, რომ განცხადების ასე დასრულება კონკრეტულ კითხვებს ბადებს, კერძოდ, ამზადებს თუ არა სამინისტრო ნიადაგს იმისთვის, რომ ისტორიული ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნას მიღებული, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც 2021 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის სრული პროექტი და დიზაინის კონცეფცია შექმნა.

ჯერჯერობით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ მე-19 საუკუნის ისტორიულ ძეგლს დემონტაჟი ემუქრება, მაგრამ ის ფაქტი, რომ სამინისტრო არაფერს ამბობს რესტავრაციის გეგმებზე და გვარწმუნებს, რომ ძეგლის რესტავრაცია არარენტაბელური და პოტენციურად შეუძლებელია, ეჭვებს ბადებს.

კომენტარები