შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმის მმართველი: ბრძანების თანახმად გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე

1TV

ხელოვნების მუზეუმის რესტავრაციის პროექტი რამდენიმე წლის წინ შემუშავდა. 2021 წლის 4 ივლისს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა. 

საევაკუაციო სამუშაოების დაგეგმვას რამდენიმე წელი დასჭირდა. ევაკუაციაზე პასუხისმგებლები კი ხელოვნების მუზეუმის მმართველი, მისი მოადგილე და მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არიან.

ხელოვნების მუზეუმის მმართველის, ეკა კიკნაძის თქმით, მისი გუნდი საევაკუაციო სამუშაოებს ჩამოაშორეს, ხოლო თავად სამინისტროს ბრძანების თანახმად მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე ჩამოაქვეითეს. 

"ევაკუაციის საავტორო პროექტზე ვმუშაობდით ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების დიდი გუნდი, ხოლო მის უშუალო განხორციელებაზე პასუხისმგებლები ვიყავით მე - მუზეუმის მმართველი, ჩემი მოადგილე და მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მინისტრმა წულუკიანმა ამა წლის 20 აპრილის დანიშნა ახალი დირექცია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემუშავებული პროექტი აქტუალური აღარ არის. რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წერილით, მოვითხოვე ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა. პასუხად, დღეს მიღებული ბრძანების თანახმად მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე. ეტყობა, მინისტრმა, რომელსაც ძალიან "ვუყვარვარ", ახალ დირექტორს უთხრა, "ჩამოალაბორანტებო". მას კი დოჩანაშვილი არ წაუკითხავს და პირდაპირ გაიგო. ევაკუაციის პროცესს უხელმძღვანელებს: ახალი დირექტორი (პროფესიით - სამართალმცოდნე), მისი ორი მოადგილე - ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი. პროცესში ჩართული არ იქნება ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების გუნდი. მხოლოდ ხელოვნების მუზეუმში არსებული ინტელექტუალური რესურსი, ევაკუაციის მასშტაბთან მიმართებაში, აბსოლუტურად არარელევანტურია. ევაკუაციის ახალი დოკუმენტი, სადაც პროცესი დეტალურად იქნება გაწერილი, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ეჭვი მაქვს, ასეთი უბრალოდ არ არსებობს. სიტყვიერად გაჟღერებული განზრახვები არის საგანგაშოდ არაპროფესიონალური და საფრთხის შემცველი, როგორც კოლექციების უსაფრთხოების, ისე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მათდამი დიდი ინტერესის გათვალისწინებით. ამ (და სხვა) მიზეზების გამო, დაუშვებელია ევაკუაციის დაწყება, სანამ ახალი გეგმა არ გახდება საჯარო ყველა დაინტერესებული პირისთვის და არ იქნება შეფასებული სპეციალისტების მიერ". – წერს სოციალურ ქსელში კიკნაძე. 

კიკნაძის თქმით პოზიციები შეეცვალათ მუზეუმის სხვა თანამშრომლებსაც: მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულების ხელმძღვანელს დარეჯან გოგაშვილს და კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დინარა ვაჩნაძეს. ორივე მათგანი საევაკუაციო სამუშაოებში იყო ჩართული.

კომენტარები