შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

"გული მწყდება მომავალზე" – ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

კადრი ვიდეოდან / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ თანამდებობა დატოვა. ნიორაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას არ სურდა იმ ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა, რომლის პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.

"არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია მუზეუმის ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით. საჯაროდ, პროფესიულ წრეებში. ამ ნაბიჯის გადადგმა დროის ამბავი იყო, მაგრამ ბევრი რამე მაკავებდა: ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები და საქმე, რომელსაც ამდენი წელია ვაკეთებ და ძალიან მიყვარს.

ჩემი მოთხოვნა იყო: დირექტორის თანაშემწის პოზიციიდან – კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადაყვანა, უფრო დაბალ პოზიციაზე, უფრო დაბალი ხელფასით. იმიტომ, რომ არ მინდოდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა, რომლის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმისადმი მიდგომას კატეგორიულად არ ვეთანხმები". – წერს ნიორაძე.

ნიორაძე წერს, რომ მუზეუმის დირექტორისგან მოთხოვნაზე უარი მიიღო, ამიტომაც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

"გული მწყდება მუზეუმის ძალიან ბუნდოვან მომავალზე. ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვუხდი ბოდიშს. ეს ჩემი მტკიცე პოზიციაა! თუ ამ არჩევანის წინაშე მაყენებენ, გადაწყვეტილების მიღება არ არის ძნელი". – წერს ნიორაძე.

კომენტარები