შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

რა ხდება ხელოვნების მუზეუმის გარშემო

2021 წლის 4 ივლისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. 

მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. ზრუნვა კი შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყეს. 

კერძოდ, სამინისტროს განცხადებით, ორგანომ წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები UNESCO-სთან, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში თბილისში მოავლინა შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები (ჭედური და ფერწერული ხატების რესტავრატორები და ექსპონატთა გადაადგილების სპეციალისტი), რომელთაც შეისწავლეს მუზეუმის ოქროს ფონდის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატების მდგომარეობა, როგორიცაა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, ანჩის ხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი და სხვა.

როგორც სამინისტროში იუწყებიან, UNESCO-ს ექსპერტიზის თანახმად, ყველა შესწავლილი ხატის საყრდენი ხე დაზიანებულია და არ არის გამორიცხული, ხის დაზიანების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობდეს. ამასთან, სხვადასხვაგვარად არის დაზიანებული ხატების ფერწერული და ჭედური ნაწილებიც. შესაბამისად, ზოგიერთი ხატის გადაადგილება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მეთოდითაა რეკომენდებული, ხოლო დანარჩენი ხატების გადაადგილება იმავე მეთოდით მხოლოდ ხის დროებითი გამაგრების შედეგადაა შესაძლებელი.

ამას გარდა, ექსპერტიზა ჩაუტარდა თავად შენობასაც, მისი ავარიულობის შეფასების მიზნით, რომელზეც შპს კარიატიდამ იმუშავა და დასკვნა 2021 წლის პირველ ივლისს გამოაქვეყნა. ექსპერტიზაში რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზეა ყურადღება გამახვილებული:

  1. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების საფუძველზე, მუზეუმის შენობის ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესები (მეწყერი, კასტი და სხვ.) არ აღინიშნება, თუმცა ტერიტორიაზე გავრცელებული სეისმური თვისებების მიხედვით III კატეგორიის გრუნტების მძლავრი საფარი (ნაყარი, კულტურული ფენა და თიხნარი) და გრუნტის წყლის მაღალი დონე არახელსაყრელ ფაქტორებს წარმოადგენს;
  2. შენობის შუაკედლისების სიგანეები და განივ მზიდ კედლებს შორის მანძილები არ აკმაყოფილებს პროექტირების ნორმების მოთხოვნებს. შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე გააჩნია ანტისეისმური სარტყელები. შესაბამისად, შენობის კონსტრუქციული სქემა არ აკმაყოფილებს ცხრაბალიანი სეისმურობის უბნისათვის პროექტირების ნორმების მოთხოვნებს;
  3. მუზეუმის შენობა დაფუძნებულია ყორე-ქვის ლენტური საძირკვლებით დაბალი ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების მქონე თიხნარზე და კულტურულ ფენაზე, რომლებიც კიდევ უფრო მცირდება გრუნტის წყლების მაღალი დონისა და მათი გაწყლოვანების გამო. აღნიშნული ტერიტორია ხასიათდება გრუნტის წყლებისა და ტექნოგენური წყლების დიდი რაოდენობით შემოდინებით, რის შედეგადაც ხდება შენობის საძირკვლების ჯდომა;
  4. ძლიერადაა დაზიანებული შენობის ნაწილები ლ. გუდიაშვილის და ალ. პუშკინის ქუჩების გასწვრივ, სადაც მზიდი კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ძალოვანი ბზარებით. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შენობის ნაკვეთურში ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც ყველა განივი კედელი გაბზარული და დანაპრალებულია ძალოვანი ბზარებით. ბზარები აღნიშნულ კედლებზე ვრცელდება საძირკვლებიდან სახურავამდე. დაზიანებები იმდენად დიდია, რომ, შეიძლება ითქვას, ამ უბნებზე შენობის ნაწილებს შორის დარღვეულია ურთიერთ კავშირი.
  5. ქ. თბილისში, პუშკინის ქ. No2/4 (ს.კ. 01.15.04.027.017)-ში მდებარე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მისი მზიდი კონსტრუქციები წინაავარიულ მდგომარეობაშია და ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით მიეკუთვნება IVკატეგორიას და სხვა.

ექსპერტიზის დასკვნაში გვხვდება ავტორების რამდენიმე რეკომენდაციაც:

  1. შენობის ნორმალური ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, შეიცვალოს შენობის დაფუძნების სქემა. შენობა მთელი ფართით დაფუძნებული უნდა იყოს მონოლითური რკინაბეტონის გობისებური საძირკვლის ფილებით, რომლებიც დაკავშირებული იქნება არსებულ ლენტურ საძირკვლებთან, კედლებთან და რკინაბეტონის ხიმინჯების საშუალებით დაყვანილი იქნება მდგრად გრუნტებამდე;
  2. უნდა შეიცვალოს დაზიანებული სართულშუა გადახურვის ფილები. უნდა მოეწყოს სართულშუა გადახურვებისა და სახურავის დონეზე შენობის კედლებში ანტისეისმური დეფორმაციული სარტყელები;
  3. აუცილებელია შენობის ირგვლივ მოეწყოს წყალამრიდი სისტემები (დრენაჟი, მოკირწყვლა და ა.შ.) რათა აღიკვეთოს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება. გრუნტის ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ გასცემს შენობის დემონტაჟის რეკომენდაციას და საერთოდაც, არ საუბრობს ამ ზომის აუცილებლობაზე. დასკვნაში, რომლითაც დოკუმენტი იკვრება, ვკითხულობთ, რომ "ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა".

კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტრო არაფერს ამბობს პოტენციური რესტავრაციის შესახებ და იწყებს მუზეუმის დაცარიელებას:

"ზემოაღწერილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა და უმოკლეს ვადებში სამოქმედო გეგმის შემუშავება მუზეუმის ძირითადი შენობის დაცლის მიზნით" – ნათქვამია 4 ივლისის განცხადებაში.

2 კვირის თავზე, 17 ივლისს, სამინისტრომ გეგმის დამტკიცების თაობაზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მუზეუმის დაცლის პროცესი 2022 წლის 5 თებერვლამდე გასტანს:

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2021 წლის 15 ივლისის N00014916 ბრძანებით დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, რაც მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმის თანახმად მოქმედებებს გულისხმობს.

სამოქმედო გეგმა 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და ის დეტალურად, კონკრეტული თარიღებით და თითოეულ პუნქტზე პასუხისმგებელი პირებით არის გაწერილი.

გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე უნდა იქნეს მოძიებული მუზეუმის საჭიროებებზე მორგებული დროებითი სივრცე თანამშრომლებისა და საცავებისათვის, ხოლო 2022 წლის 5 თებერვალს მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა დასრულებული უნდა იყოს" – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ქმედებები და განცხადებები რამდენიმე კითხვას ბადებს.

პირველ ყოვლისა, რატომ არაფერს ამბობენ სამინისტროში რესტავრაციის გეგმის შესახებ? იმის ფონზე, რომ, მათი თქმით, მუზეუმზე "ზრუნვა" ორგანომ 2021 წლის აპრილში დაიწყო, ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ისტორიულ ძეგლს. თანაც მაშინ, როცა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ "ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა".

განსაკუთრებით შემაშფოთებლად კი 17 ივლისის განცხადებაში, კონტექსტის გარეშე მოყვანილი ამონარიდებია, რომელიც შპს კარიატიდას დასკვნაში გვხვდება:

"რაც შეეხება მუზეუმის ძირითადი შენობაზე (ე.წ. ყოფილი სემინარია) ჩატარებულ ექსპერტიზას, შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის თანახმად:

  • ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური;
  • ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;
  • შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი." – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ლოგიკურია, რომ განცხადების ასე დასრულება კონკრეტულ კითხვებს ბადებს, კერძოდ, ამზადებს თუ არა სამინისტრო ნიადაგს იმისთვის, რომ ისტორიული ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნას მიღებული. 

ისტორიკოსი ბექა კობახიძის აზრით, შენობის პოტენციური დემონტაჟი, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდეს:

"თვითმმართველობის არჩევნების წინ, როდესაც ხელისუფლების 43% ბეწვზე ჰკიდია, ვის აქვს უფლება დედაქალაქის უძველესი შენობა დაანგრიოს? ვინ არის წულუკიანი, რომ ეს გადაწყვიტოს?! ასეთ რამეს მხოლოდ ერთი კაცი წყვეტს და ამ კაცს ამ შენობის მიდამოებში ბიზნესინტერესები აქვს(პანორამა).

იმდენად არაადეკვატური და ქოცურ-პატრიოტული ნარატივიდან იმდენად ამოვარდნილი ქმედებაა, რომ ამ თვითნებობის უფლებას მხოლოდ ერთი კაცი მისცემდა საკუთარ თავს.

მინისტრ წულუკიანის სიტყვებიდან მოჩანს, რომ ეკლესიასთან რაღაცეები ან "დალაგებულია" ან "ალაგებენ". შესაძლოა გადასცენ ანჩისხატი, კიდევ სხვა მატერიალური სარგებელი ანახონ და ამით მიიმხრონ.

ამის შემდეგ, ვინც რამეს გავაპროტესტებთ, "უწმინდესის ლოცვა-კურთხევას" შეგვიპირისპირებენ და, მათი მხრიდან უძვირფასესი მემკვიდრეობის ნგრევის პარალელურად, ჩვენ ღვთის პირიდან გავარდნილებს დაგვიძახებენ." – წერს კობახიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ მე-19 საუკუნის ისტორიულ ძეგლს დემონტაჟი ემუქრება, მაგრამ ის ფაქტი, რომ სამინისტრო არაფერს ამბობს რესტავრაციის გეგმებზე და გვარწმუნებს, რომ ძეგლის რესტავრაცია არარენტაბელური და პოტენციურად შეუძლებელია, ეჭვებს ბადებს. 

საზოგადოებისგან წამოსული კრიტიკის ფონზე, დღეს, 22 ივლისს, სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიმდინარე წლის 15 ივლისს დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი,  მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტრომ მაშინვე გახადა საჯარო. სწორედ ამ გეგმის თანახმად აპირებს სამინისტრო მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა მუზეუმის დემონტაჟს". 

ჯერჯერობით უცნობია ისიც, სად გადაიტანენ ავარიულ შენობაში განთავსებულ ექსპონატებს. 

კომენტარები