პატრიარქი

პატრიარქი ღარიბაშვილს ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის გადაცემას სთხოვს

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა და სთხოვა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი – ანჩისხატი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცეს.

"ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.

ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც". – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

წერილის ასლი ასევე გაეგზავნა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს.


2021 წლის 4 ივლისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. 

მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. ზრუნვა კი შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყეს.

ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად – 5 აგვისტოს, 12 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.

კომენტარები