შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

"ვერ ვხედავთ განვითარების პერსპექტივას" – ხელოვნების მუზეუმს კიდევ 3 თანამშრომელი ტოვებს

ტაბულა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი დირექტორის თანაშემწის, დავით ნიორაძის შემდეგ კიდევ სამმა თანამშრომელმა, გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა დატოვეს. მუზეუმის კურატორის ყოფილი თანაშემწეები ერთობლივ განცხადებაში წერენ, ისინი ვეღარ ხედავენ ხელოვნების მუზეუმის განვითარებისა და მათი პროფესიული ზრდის პერსპექტივას.

მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის მიუღებელია:

  • თანამშრომლების ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოქვეითება და გაშვება, მათ მიმართ უდიერი და არაკოლეგიალური დამოკიდებულება;
  • ისინი არ იზიარებენ ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას (მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და კოლექციების ევაკუაციის საკითხს), რომელიც, მათი განცხადებით, ბუნდოვანია თანამშრომლებისა და დახურული საზოგადოებისთვის;
  • ბრალდებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლების განმავლობაში უმოქმედობის თაობაზე. ასევე უსაფუძვლო განცხადებები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისგან დაცლის ("გამოშიგვნის") შესახებ.

"შექმნილ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერც მუზეუმის განვითარების და ვერც ჩვენი პროფესიული ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება დავტოვოთ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორის თანაშემწის პოზიციები". – წერენ ისინი.

14 ნოემბერს თანამდებობა დატოვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ. ნიორაძემ დაწერა, რომ მას არ სურდა იმ ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა, რომლის პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.

კომენტარები