ევროპული საქართველო

ბოკერია: ან პარლამენტმა გადააყენოს პრემიერი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პროდასავლურ ოპოზიციას მოუწოდებს, დატოვონ პარლამენტი იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში არ დაიწყება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების პროცესი. 

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მედია ორგანიზაციები და ჟურნალისტები ითხოვენ, მას შემდეგ, რაც 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკები დაესხნენ თავს. 

"ღარიბაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ დაადასტურა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ეს ბნელეთის მოციქულები და ამ რეჟიმის პოლიტიკურად ყველაზე ნაძირლური ფრთა და წარმომადგენელი, ღარიბაშვილი, ომის მდგომარეობაშია არამხოლოდ თავისუფალ მედიასთან, რაც ცალკე აღებულიც კი კატასტროფაა ქვეყნისთის, არამხოლოდ საზოგადოების აქტიურ ნაწილთან პოლიტიკურად ან ოპოზიციასთან, მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალთან. ეს არის ბრძოლა ფასეულობებისთვის, ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი თავისუფლებისთვის. 

ამ ვითარებაში თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ევროპული საქართველოს პოზიცია ამ პარლამენტთან დაკავშირებით იყო მკაფიო, რომ ეს პარლამენტი არ გამოხატავს ლეგიტიმურად ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ნებას, მაგრამ მინდა, დავივიწყოთ ახლა ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მომხდარიყო ამ კრიზისის განმუხტვა. ეს გადავდოთ გვერდზე. ახლა ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა და მისმა დამქაშმა სასულიერო პირებმა და პროპუტინურმა ძალებმა მოაწყვეს, ამ ტრაგედიის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა – ჟურნალისტის გარდაცვალება, ამ საზიზღრობის შემდეგ, რაც მოაწყვეს ამის შემდეგ, რაც მოაწყვეს ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის კუთხით ივანიშვილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლამენტმა შეიძლება, შეასრულოს არის ღარიბაშვილის გადაყენება. 

თუ ეს არ ხდება და თუ ამის წინაპირობა არ ხდება და ჯერჯერობით ვერანაირ პირობას ვერ ვხედავთ, მაშინ ამ პარლამენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი. მინდა, მოვუწოდო ჩვენს პარტნიორებს, რომლებთანაც ადრეც გვქონია უთანხმოება, მაგრამ მინდა, რომ ეს დავივიწყოთ. ახლა ერთადერთი რამ, რაც ამ შენობაში შეიძლება, მოხდეს არის ღარიბაშვილის გადაყენება. და თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ ვითარების შედარებით ნორმალიზაციის გზაა, რომ არცერთმა ძალამ არ მიიღოს იმ პროცესში მონაწილეობა, რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, არცერთმა ძალამ, რომლისთვისაც მომავალი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი და ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად. 

ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი და ვითარება უნდა იყოს მკაფიო, ჩვენი ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველა პარტნიორისთვის". – თქვა გიგა ბოკერიამ. 


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია 12 ივლისს, 18:00 საათზე ისევ გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები