ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა

სოფო სიუკაევა

ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია მან ტაბულას დაუდასტურა.

თავდაპირველად, 8 აგვისტოს, როდესაც ტაბულა სიუკაევას დაუკავშირდა, მას პოზიცია ჩამოყალიბებული არ ჰქონდა, 10 აგვისტოს კი დაგვიდასტურა, რომ ის პარტიაში, შესაბამისად კი, ევროპული საქართველოს საპარლამენტო სიაშიც აღარ არის.

1 აგვისტოს, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ევროპული საქართველო დატოვეს. გიგა ბოკერიას განმარტებით, პარტიის გენერალური მდივნისთვის, აკაკი ბობოხიძისთვის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისთვის, გიგი წერეთლისთვის და პარტიის პოლიტსაბჭოში მათი მხარდამჭერებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.

კერძოდ, გიგა ბოკერიამ სია N2-ს დაუჭირა მხარი, რომლის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა, მათ შორის, გიგი წერეთელმა და აკაკი ბობოხიძემ არჩეული კურსიდან გადახვევა გადაწყვიტეს და "სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები აქ იყოფა." 

კომენტარები