პრაიდის კვირეული

მეუფე იოანე წვერავაზე: საროჩკა შემოიხია, გაიქცა, ჩხუბი დაიწყო – რაში დაგეხმარო, ძმაო?

რუსთავის ეპარქია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ამტკიცებს, რომ ფორმულას ჟურნალისტმა, რატი წვერავამ, რომელსაც 5 ივლისს პარლამენტის წინ შეკრებილმა "ორკებმა" სცემეს, პერანგი თავად შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და ჩხუბი თავად დაიწყო.

"საოცარია. ეუბნები, რომ აქ ნუ მოხვალ - არა, მე მინდაო. ნუ მოხვალ. ეს ზონა შენთვის არ არის - არა, მე აქ მინდა, მოვედიო. გაჰყავთ და რატომ გაგყავართ, ხელით შემეხეთო - წიხლებს იყრევინება. კიდევ უარეს აგრესიას იწვევს. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. ვინ გათრია? გამოგაგდეს, წადი აქედან. საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან და შემოიხია, გადააგდო. ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და იქ დაიწყო ჩხუბი. 

იძახის, აი, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო. რაში დაგეხმარო, ძმაო? გინდა, შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი? თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული საზოგადოებაში ქცევის ეთიკური ნორმები დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას? ვისგან? შეურაცხყოფ საზოგადოებას და ითხოვ პატივისცემას? რა? თავხედობის? უტიფრობის? კადნიერების? ძალადობის? დაუშვებელია". - ამბობს მეუფე იოანე.  

კადრებში ჩანს, რომ წვერავა მეუფე იოანესთვის კითხვის დასმას ცდილობდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ადგილიდან გაიყვანეს - ჟურნალისტს ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიასთან ათობით ორკი ფიზიკურად გაუსწორდა.

 6 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის . აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდა ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავდნენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფებების 100 წევრი ადმინისტრაციული წესით, ხოლო 2 - ბრალდებულის სახით დააკავა.

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები