პრაიდის კვირეული

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია: სახელმწიფომ დაიცვას ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია თბილისი პრაიდს მხარდაჭერას უცხადებს და მოუწოდებს  სახელმწიფოს, დაიცვას ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება მანიფესტაციისა და გამოხატვის შესახებ.

ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არსებობს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი თარიღი - 2013 წლის 17 მაისი. ეს ის დღეა, რომელმაც დაგვანახა, თუ სად ვართ ჩვენ, როგორც საზოგადოება და რამდენად შემდგარები ვართ, როგორც სახელმწიფო. იმ მოვლენებიდან 8 წელი გავიდა, რაც საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ შეგვეფასებინა მომხდარი და გაგვეზომა იმ ვითარებაში საკუთარი პასუხისმგებლობის წილი.

ყოველთვის, როცა თავისუფლების მოედანზე განხორციელებულ ძალადობაზე ვიწყებთ საუბარს, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ორი დღით ადრე განვითარებული მოვლენები. 15 მაისს, საქართველოში არსებულმა რელიგიურმა გაერთიანებებმა ერთობლივად მოაწერეს ხელი ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. განცხადება იწყებოდა დემოკრატიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსზე საუბრით და მთავრდებოდა ჰომოსექსუალთა პროპაგანდის გმობით. ამ განცხადებაზე ხელმომწერმა ყველა რელიგიურმა გაერთიანებამ ჩვენი წილი დანაშაული ჩავიდინეთ მაშინ დარბევის დროს.

8 წელია ჩვენი სახელმწიფო და მთელი საზოგადოება ვეუბნებით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომ ჩუმად იყვნენ, არ გააღიზიანონ მოძალადეები და დაკმაყოფილდნენ ზოგისთვის იოლი და ზოგისთვის არც თუ ისე იოლი ყოველდღიურობით. ვეუბნებით, რომ სხვებსაც უჭირთ და ამის გამო დემონსტრაციებს არ მართავენ. ვეუბნებით, რომ სახელმწიფო ვერ დაგიცავთ და თუ მაინც გამოხვალთ ქუჩაში და ხმამაღლა გააპროტესტებთ ჰომოფობიას ან და გაბედავთ და სიამაყით ეტყვით მთელ სამყაროს თქვენი განსხვავებულობის შესახებ, მაშინ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება თქვენ მოგიწევთ.

8 წლის თავზე, ფეხსაცმლების აქციის, კონფერენციებისა და ჩუმად ჩატარებული სპექტაკლების შემდეგ ამ ადამიანებმა თქვეს, რომ დამალვას აღარ აპირებენ. ჩვენ კი ამ ქვეყანაში არსებულმა რელიგიურმა გაერთიანებებმა, ჩვენი ინიციატივითა, თუ სხვების წაქეზება - ზეწოლით სათითაოდ დავიწყეთ განცხადებების გაკეთება, სადაც ვიმეორებთ 2013 წლის 15 მაისის ტექსტს და გვავიწყდება, რომ თითოეულ ჩვენგანს მხრებზე ისევ გვაწევს 8 წლის წინანდელი დანაშაულის წილი.

ჩვენ, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მოვუწოდებთ:

• სახელმწიფოს, რომ დაიცვას ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება მანიფესტაციისა და გამოხატვის შესახებ.

• მოვუწოდებთ, სამართალდამცველებს რომ ისეთივე გულწრფელებითა და ერთგულებით შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, როგორც წელს პრაიდის დაწყების პირველივე დღეებიდან ასრულებენ და არ დაუშვან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა.

• მოვუწოდებთ მედიას, ისეთივე უპრეცედენტოდ სწორი და თანამიმდევრული მიდგომა იქონიონ პრაიდის მოვლენების გაშუქებისას, როგორც ამას აკეთებენ ამ დღეების მანძილზე.

• მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებსა და მეგობრებს, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წინამძღოლებსა და სასულიერო პირებს, გაემიჯნონ ძალადობას და არ დაუშვან მათი სიტყვის გამოყენება ჩაგვრისა და შეურაცხყოფის ლეგიტიმაციის სამარცხვინო პროცესში.

ღმერთს შევავედრებთ საქართველოსა და მის თითოეულ მკვიდრს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომელთაც დევნიან და ავიწროვებენ მათი იდენტობის გამო. მშვიდობიან, სამართლიან და საამაყო 5 ივლისს ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

5 ივლისი, 2021


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული. დღეს, 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს  განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები