ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: Pfizer-ითა და Astrazeneca-თი აიცრებიან კლინიკებში, ჩინურებით – აცრის ცენტრებშიც

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, Pfizer-ითა და Astrazeneca-თი აცრა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით აცრიან ვაქცინაციის ცენტრებშიც.  

"Pfizer-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, ცალსახად, მხოლოდ კლინიკებში იქნება; ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ასევე Astrazeneca-ის ვაქცინის მიმართებით ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრა - დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ამასთან ერთად, ამცრელი ცენტრი თბილისში უკვე არსებობს ჰუალინგის სახით. დამატებით, მინისტრის თქმით, გაიხსნება ლილოს დასახლებაშიც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გასულ კვირას თქვა, რომ ივლისის პირველ კვირაში საქართველოში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და ასევე ორი ჩინური ვაქცინა: Sinovac-ი და Sinopharm-ი. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა. რაც შეეხება სინოვაკის [SINOVAC] ვაქცინას, საქართველოში 100 000 დოზა 29 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები