გამოცემა Reuters საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინული თავდასხმის შედეგად, მოსკოვის რეგიონის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მუშაობის შეწყვეტა მოუწია.
Reuters-ის ინფორმაციით, "გაზპრომ ნეფტის" ქარხანაზე დარტყმამ დააზიანა პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 53%-ს შეადგენს.
Reuters-ის მიერ გადამოწმებულ თვითმხილველთა ვიდეოჩანაწერებში ჩანს ძლიერი ხანძარი და თავდასხმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შავი კვამლი ამოდის.
ადგილობრივმა საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ხანძარი ჩამქრალია და მას ოპერაციებისთვის ხელი არ შეუშლია - ინფორმაცია, რომელიც გამოცემის წყაროებმა უარყვეს.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ადგილზე არსებული ობიექტი დაზიანდა, დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
ქარხანამ, რომელიც არაერთხელ გახდა უკრაინული თავდასხმების სამიზნე, 2024 წელს 11.6 მილიონი მეტრიკული ტონა ნავთობი გადაამუშავა, ბოლო არსებული მონაცემებით კი 2.9 მილიონი ტონა ბენზინი და 3.2 მილიონი ტონა დიზელი გამოიმუშავა.
16 ივნისის დილის საათებში უკრაინამ მოსკოვის ოლქზე სხვადასხვა ტიპის დრონებით იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც კრემლიდან 15 კმ-ში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
ტელეგრამ-არხ Exilenova-ს მიხედვით, აღნიშნული ნავთობქარხანა მოსკოვის საწვავის ბაზრის 40%-ს, და ზოგადად ოლქის ბენზინის ბაზრის 70%-ს, ამარაგებს.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ დრონებით დარტყმის შემდეგ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.




