ვაქცინაცია საქართველოში

პრემიერი: ბუსტერს აზრი არ აქვს, ერთი მინისტრი 4-ჯერ აცრილია და მაინც დაემართა ომიკრონი

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ ანტივაქსერულ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ აცრას, მათ შორის, ბუსტერ დოზას "აზრი არ აქვს" და ადამიანს ომიკრონისგან არ იცავს. მან რუსთავი ორის ეთერში ისევ საკუთარი თავი მოიყვანა მაგალითად და "კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც ოთხჯერ იყო აცრილი და მაინც დაემართა ომიკრონი". მისი მტკიცებით, ომიკრონის შტამი რეალურად პანდემიის დასასრულის დასაწყისია.

"ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც ხუთი მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი ფაიზერით... მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის ომიკრონი, ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ის, რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის ნათქვამი და სხვა ყველასი.

მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი, სიმართლის მომხრე ვარ მე, მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი, მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება მოსახლეობას ზედმეტი ახსნები, უყურებს ყველა და ყველა ანალიზს უკეთებს, რაც ხდება მსოფლიოში.

მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, ომიკრონზე უბრალოდ არ მუშაობს, თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ" - ამბობს პრემიერმინისტრი, რითაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ისე მსოფლიოს გამოცდილებას და კვლევებს.

"მე ვთქვი კატეგორიულად, რომ აქ არ იქნება სავალდებულო აცრა, მე ამის მჯერა და ასე უნდა იყოს, რომ ჩვენ ვერ შევუზღუდავთ, არ შევუზღუდავთ მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლებას. მე ბუსტერი არ მაქვს, აზრი არ აქვს" - ამბობს პრემიერმინისტრი და კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია მოჰყავს "ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებზე დაყრდნობით", თითქოს ომიკრონის გადატანა უფრო მაღალ იმუნიტეტს უტოვებს ადამიანს, ვიდრე ვაქცინის ბუსტერ დოზა.

"ერთი მინისტრი, გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა ომიკრონი, თქვენ ამიხსენით, რა ხდება, ვარ თუ არა მართალი?" - კითხულობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრს რუსთავი ორის წამყვანმა უთხრა, რომ ამ განცხადებებმა შესაძლოა ვაქცინაციის მსურველ ადამიანს აცრა გადააფიქრებინოს.

"რატომ გადააფიქრებინებს? პირიქით, ვეტყვი, რომ არ ვყოფილიყავი აცრილი ორჯერ, ალბათობა იმის, რომ უფრო რთულად გადავიტანდი, იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ძალიან მსუბუქად გადავიტანე, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, მიუხედავად ასაკისა, ავიცრათ" - თქვა ღარიბაშვილმა.

NCDC-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან (ვაქცინაციის დაწყებიდან) 31 დეკემბრამდე მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ არავაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 7.7-ჯერ მეტია სრულად აცრილ პირებთან შედარებით.

NCDC-ის ცნობით, კორონავირუსით ორი დოზით აცრილი მოქალაქეების 6.49% დაინფიცირდა, ხოლო სამი დოზით აცრილთა - მხოლოდ 0.19%. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ომიკრონის ტალღის შესამცირებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ასევე, NCDC-ის ინფორმაციით, ჰოსპიტლებში მყოფი 6 000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% აუცრელია.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ შემცირებულია და 75% ეფექტურობა აქვს. გარდა ამისა, სამი თვის განმავლობაში ბუსტერის შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს.

"შემდგომ 5%-ით ქვეითდება" - აღნიშნავს კულუმბეგოვი.

კომენტარები