პრაიდის კვირეული

ბოკერია პრაიდის კვირეულზე: ოცნება შავრაზმულ განწყობებზე კაპიტალიზაციას ცდილობს

ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრაიდის კვირეულზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება. ბოკერიას შეფასებით, ქართული ოცნება არ ასრულებს თავის მოვალეობას - დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლება და შავრაზმულ განწყობებზე კაპიტალიზაციას ცდილობს. 

"უფრო მეტიც, არა თუ არ იცავენ ან ვერ იცავენ უფლებებს, ასეთი განცხადებებით და ქმედებებით ჩვენი მოქალაქეების ამ ნაწილის მიმართ ძალადობის, სრულიად არაადამიანური ვითარების შექმნისა და მთლიანად ქვეყნის თავისუფლების დაზიანების წახალისებას ახდენენ.  

რა თქმა უნდა, მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ამ შავრაზმულ განწყობილებებზე კაპიტალიზაციას ცდილობენ, რაც არის უზნეობა ჩვენი ქვეყნის ამ მოქალაქეების მიმართ და, ზოგადად, თავისუფლების მიმართ. თავიანთი ძალაუფლების წყაროდ მიაჩნიათ ამ განწყობილებების გამოყენება ოპონენტების, უმცირესობების წინააღმდეგ და ძალაუფლების შენარჩუნების პროცესში. ეს არის უმძიმესი ვითარება საქართველოს აწმყოსა და მომავლისთვის". - ამბობს გიგა ბოკერია. 

ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს თქვა, რომ "კომპლექსური კონტექსტის გათვალისწინებით" თბილისი პრაიდს პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა უთხრან. კითხვაზე "ხომ არ უგორებს ეკლესიას კოჭს"  მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძე პასუხობს, რომ "ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია, მე გამომიგორებს კოჭს". 

პუტინისტმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას პრაიდის კვირეულის გასაუქმებლად 10 დღე მისცა. საპასუხოდ, თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ვასაძე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა და მასთან "კეკლუცობა ქართულ ოცნებას და, სამწუხაროდ, ქვეყანას ძვირად დაუჯდება".  

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება.

კომენტარები