TBILISI PRIDE -ს დირექტორი, გიორგი თაბაგარი პუტინისტი პოლიტიკოსის, ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლებას პრაიდის კვირეულის გაუქმებისთვის 10-დღიანი ვადა მისცა.
თაბაგარი FACEBOOK-ზე წერს, რომ ვასაძე საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ამაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.
"ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10 დღიანი ვადა მისცა პრაიდ კვირეულის გასაუქმებლად ეს კაცი ღიად ძალადობდა 2019 წელს და მაშინ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. პროკურატურას საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული..
ზუსტად ამ უმოქმედობის შედეგია ის, რომ აგერ 2021 წელსაც იმავეს აგრძელებს. ღიად ლობირებს რუსული კანონების მიღებას საქართველოში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანებს და სახელმწიფოს!
ეს კაცი არის საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება".- წერს გიორგი თაბაგარი.
თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთ ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება.