ბაიდენის და პუტინის შეხვედრა

არჩევნებში ჩარევა, კიბერშეტევები, ადამიანის უფლებები – ბაიდენის და პუტინის შეხვედრა

ვლადიმირ პუტინი/ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს დღეს, 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტად არის გაუარესებული.

შეხვედრაზე ლიდერები სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ.

არჩევნებში ჩარევა და კიბერთავდასხმები

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი შეხვედრაზე რუს ჰაკერებთან დაკავშირებულ კიბერთავდასხმების საკითხს დააყენებს. გარდა ამისა, ბაიდენმა წარსულში რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. აპრილში ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს სანქციები დაუწესა SolarWinds-ის ჰაკერული თავდასხმის და არჩევნებში ჩარევის გამო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტებსა და 100-ზე მეტ კომპანიას შეეხო. გარდა ამისა, ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ხორცის მწარმოებელი კომპანია და აშშ-ს უდიდესი მილსადენი, Colonial Pipelines. სხვადასხვა წყაროებით, თავდასხმებზე პასუხისმგებელი ჯგუფები რუსეთიდან მუშაობდნენ.

რუსეთი ვაშინგტონის ბრალდებებს უარყოფს და დასავლეთს ანტირუსულ კამპანიაში ადანაშაულებს.

ადამიანის უფლებები - ალექსეი ნავალნის საქმე

ბაიდენი აღნიშნავს, რომ აპირებს კიდევ ერთხელ დაადასტუროს ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერა. შეხვედრის წინა პერიოდში ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინის მთავარი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილი "ტრაგედია" იქნებოდა. ვაშინგტონმა რუსეთს სანქციები ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაკავების გამოც დაუწესა.

თავის მხრივ, პუტინი ვაშინგტონს ორმაგ სტანდარტებით მოქმედებასა და რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს.

შეიარაღების კონტროლი

მოსალოდნელია, რომ მხარეები შეიარაღების კონტროლზე და საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეთანხმებებს განიხილავენ. ივნისში პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის გასვლას ღია ცის შეთანხმებიდან. აშშ-მ კი განაცხადა, რომ შეთანხმებაში არ დაბრუნდება, თუ იმავეს რუსეთი არ გააკეთებს.

მხარეებმა ბირთვული შეიარაღების შეთანხმება New START-ი თებერვალში გაახანგრძლივეს და ეს შეთანხმება აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლზე დადებული ერთადერთი შეთანხმებაა, რომელიც ამ დროისთვის ძალაშია.

კონფლიქტები

განხილვის თემა იქნება კონფლიქტები უკრაინაში, სირიასა და ლიბიაში. აპრილში რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო შენაერთები გადაისროლა, რასაც რეგიონში მდგომარეობის დაძაბვა მოჰყვა.

ბაიდენის თქმით, ის არ ეძებს კონფლიქტს რუსეთთან, მაგრამ თუ რუსეთი დამაზიანებელ მოქმედებებს გააგრძელებს, პასუხი აუცილებლად იქნება.

დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები

მარტში რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიხმო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა. აპრილში აშშ-ს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან ერთად, აშშ-მ 10 რუსი დიპლომატიც გააძევა. მოსკოვმა იგივე გააკეთა და აშშ-ს საელჩოს რუსეთის მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობა შეუზღუდა.

მაისში რუსეთმა აშშ ოფიციალურად შეიყვანა "არამეგობრული სახელმწიფოების" სიაში.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა 4-5 საათი გაგრძელდება. პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან მინისტრები და მრჩევლები, ორივე მხარის წარმომადგენლები. შეხვედრისას ბაიდენი და პუტინი მარტო, პირისპირ არ ისაუბრებენ. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ. ჟურნალისტებს ისინი ცალ-ცალკე შეხვდებიან.

კომენტარები