ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

პუტინი: არ გვინდა, რუსეთში ის ხდებოდეს, რაც აშშ-ში ხდება

ვლადიმირ პუტინი
Alexander Zemlianichenko/Pool/AFP/Getty Images

ჟენევაში ბაიდენის და პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ABC News-ის ჟურნალისტმა პუტინს რუსეთში ოპოზიციონერების დევნაზე დაუსვა კითხვა.

"თუ ყველა პოლიტიკური ოპონენტი მკვდარია, ციხეშია ან მოწამლულია.. არ ნიშნავს ეს იმას, რომ თქვენ პოლიტიკური ბრძოლა არ გსურთ?" - იკითხა ჟურნალისტმა.

შეკითხვამ პუტინის გაღიზიანება გამოწვია. რუსეთის პრეზიდენტმა კითხვაზე პასუხის გაცემის დროს აშშ-სთან გაავლო პარალელები, გასულ წელს აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტები და იანვარში კაპიტოლიუმში შეჭრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურდა მსგავსი "ქაოსი" მის საზღვრებს შიგნით ყოფილიყო.

"თანავუგრძნობთ იმას, რაც შტატებში ხდება, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს რუსეთში ხდებოდეს". - თქვა პუტინმა.

უშუალოდ ალექსეი ნავალნიზე საუბრისას ვლადიმირ პუტინს პოლიტიკოსის სახელი კვლავ არ უთქვამს და "ადამიანად" და "ბატონად" მოიხსენიებდა. პუტინის თქმით, ნავალნი შეგნებულად მიდიოდა დაკავებაზე.

ჟენევაში პუტინის და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართებს. ბაიდენმაც და პუტინმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

კომენტარები