ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

კანდელაკი: მაღალი დონის სამიტებზე ჩვენი საკითხის წამოჭრის ძალისხმევა დიდი ხანია, შევწყვიტეთ

Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი 16 ივნისს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურა. კანდელაკმა შეაფასა, რატომ არ იყო სამიტზე საქართველოს საკითხი "ნახსენებიც კი". გიორგი კანდელაკი თვლის, რომ მაღალი დონის სამიტებზე საკუთარი საკითხის წამოჭრის ძალისხმევა დიდი ხანია შეწყვიტა.

"რატომ არ იყო საქართველო ნახსენებიც კი ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე? პასუხი მარტივია: ყოველგვარი სერიოზული ძალისხმევა იმისათვის, რომ ასეთ მაღალ დონეზე ჩვენი საკითხი წამოიჭრას, საქართველომ დიდი ხანია შეწყვიტა, ზუსტად ისე, როგორც ნატოში გაწევრიანების პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში.

სერიოზულ ძალისხმევაში იგულისხმება მაღალი დონის ვიზიტები, სატელეფონო ზარები, საქართველოს მხარდამჭერთა დარაზმვა და მათი ყურადღების ამ კონკრეტულ თხოვნაზე ფოკუსირება. თუკი თავად საქართველო არ მუშაობს საკუთარი საკითხის უმაღლეს დონეზე რუსეთთან წამოსაჭრელად პროაქტიულად, მას არავინ წამოჭრის. ეს ორჯერ ორი ოთხია. ოპოზიციურ ფლანგზე და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ექსპერტთაგანაც ხშირად გვესმის, რომ მთავრობა "საკმარისს" არ მუშაობს. რეალობის ამგვარი ინტერპრეტაცია, სამწუხაროდ, დიდი ხანია, ზუსტი აღარაა." – წერს კანდელაკი Facebook-ზე.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრაზე ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამაც ისაუბრა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, უზარმაზარი პრობლემა აქვს საქართველოს, ვინაიდან არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია, უმაღლესი დონის შეხვედრებზე დღის წესრიგამდე მიიტანდა. 

16 ივნისს ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართეს. ბაიდენმაც და პუტინმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს. შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და სტრატეგიული დიალოგის შესაძლებლობა.

კომენტარები