აშშ

აშშ ღია ცის შეთანხმებას არ დაუბრუნდება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს შეატყობინა, რომ აშშ ღია ცის ქვეშ შეთანხმებას არ დაუბრუნდება. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია რუსეთის შეთანხმებიდან გასვლასთან.

"დასანანია, რომ ღია ცის შეთანხმებას რუსეთის დარღვევებმა ძირი გამოუთხარა. შეთანხმების განხილვის შემდეგ, რუსეთის მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობის გათვალისწინებით აშშ აღარ აპირებს მას შეუერთდეს. გარდა ამისა, რუსეთის ქცევა, მათ შორის მისი ბოლო ქმედებები უკრაინასთან მიმართებით, არ შეესაბამება იმ პარტნიორის ქცევას, რომელიც ნდობის შენების ერთგულია." – ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.

"ღია ცის შეთანხმება" 1992 წლის საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელსაც ხელს 33 სახელმწიფო აწერს. შეთანხმების ფარგლებში ნებადართულია ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიის საჰაერო სივრცეში შეთანხმებული სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება. შეთანხმების მიზანი შეიარაღების შეზღუდვაზე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ურთიერთკონტროლია.

დონალდ ტრამპის ინიციატივით აშშ-მ ღია ცის შეთანხმება 2020 წელს დატოვა. პრეზიდენტობის კანდიდატობის პერიოდში ბაიდენი ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა. ღია ცის შეთანხმებაში არდაბრუნებით, ორ ქვეყანას შორის შეიარაღების კონტროლის მხოლოდ ერთი შეთანხმება იქნება გაფორმებული, START-ი, რომელიც ბირთვული შეიარაღების კონტროლს ემსახურება. ახალი START-ის შეთანხმების გაფორმება და მისი 5 წლით გახანგრძლივება ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში მოხდა. რაც შეეხება ღია ცის შეთანხმებას, ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი განხილვა დაიწყო. განხილვის შემდეგ კი მიიღეს გადაწყვეტილება, აშშ შეთანხმებაში არ დაბრუნებულიყო.

გასულ კვირას რუსეთის დუმამ შეთანხმებიდან გასვლას ერთხმად დაუჭირა მხარი. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ფედერალურმა საბჭომ გადაწყვეტილება 2 ივნისს უნდა განიხილოს. მას შემდეგ, რაც პუტინი ორივე პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს ხელს მოაწერს, დაახლოებით 6 თვეში რუსეთი მთლიანად დატოვებს შეთანხმებას. მანამდე რუსული მხარე ამბობდა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას განიხილავდა, თუ აშშ იმავეს გააკეთებდა. აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ, არ დაუბრუნდეს შეთანხმებას, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა თავისი პოზიცია შეცვალოს.

რუსეთის ხელისუფლებამ შეთანხმების დატოვებისთვის მზადება 2021 წლის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რუსეთმა შეთანხმებიდან გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-მ "მოგონილი საბაბით" შეთანხმება 2020 წლის ნოემბერში დატოვა.

2020 აშშ-მ ღია ცის შეთანხმების დატოვება რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევით ახსნა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოსკოვის, კალინინგრადის, ჩეჩნეთის, ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საზღვრებთან სადამკვირვებლო ფრენების აკრძალვაში ადანაშაულებდა. მოსკოვში ამას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ვაშინგტონი თავად არ ასრულებს შეთანხმების პირობებს.

კომენტარები