გიორგი გახარია

გახარია კობახიძეზე: ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა

"ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი არ არის". – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრი და საქართველოსთვისს ლიდერი, გიორგი გახარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომ შესაძლოა, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას გეგმავდა.

გახარიას თქმით, ის 13 თებერვალს უმრავლესობას შეხვდა, სადაც პარტიის ხელმძღვანელობის თხოვნით ის ცდილობდა გუნდის დარწმუნებას, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ.

"რეალობა იყო როგორი, 13 თებერვალს, პარტიის ხელმძღვანელობამ მომმართა თხოვნით, რომ 13 თებერვალს შევხვედროდი უმრავლესობას. უმრავლესობასთან შეხვედრის მიზეზი რა იყო, როგორც ჩანს, ისინი ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, რომ ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა, მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი პარლამენტზე შტურმის, უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე და მართლმსაჯულება უნდა აღდგეს, დღესაც ასე ვთვლი. 13 თებერვალს შევხვდი უმრავლესობას და მათ სწორედ ამ პოზიციიდან ვუხსნიდი და ვუმტკიცებდი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ მელიას იმუნიტეტი უნდა მოვუხსნათ". – თქვა გახარიამ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად და გუნდში ამასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა.

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ". 29 მაისს გიორგი გახარიამ ახალი პარტია, საქართველოსთვის წარადგინა. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელისა და პრემიერის გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. 

კომენტარები