ნამახვანჰესი

ბოკერია: ჰესის წინააღმდეგ აქციებზე მთავარი გზავნილები ქვეყნის მომავალს ეწინააღმდეგება

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უნდობლობის სრული საფუძველი "ივანიშვილის მთავრობის მიმართ", ამ პროტესტის მთავარი გზავნილები ქვეყნის მომავლის წინააღმდეგაა მიმართული. 

გიგა ბოკერიას თქმით, მთავარი გზავნილები არის, ერთი მხრივ, ბრძოლა უცხოური ინვესტიციებისა და უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ. 

"ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, სრული საფუძველი გვაქვს ივანიშვილის მთავრობის მიმართ უნდობლობისა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ პროექტში შეიძლება იყოს გარეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმისა და მისი გარემოცვის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ამ მთავრობის მიმართ ბრაზის საფუძველი იმის გამო, რომ ისინი საერთოდ არ გრძნობენ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი საზოგადოების წინაშე. მე ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო ჩვენი ბევრი გულწრფელი მოქალაქე იყო ამ პროტესტის ნაწილი მთელი ამ კვირების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით. 

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ეს არის, ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, სიძულვილის კამპანია უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ. არა კამპანია მთავრობის კორუფციის ან, ზოგადად, მთავრობის წინააღმდეგ, არა. ეს ძირითადი გზავნილები არის ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ სიღარიბის ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ყველას ჰქონდეს შანსი საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვისა და რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად მათი განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრობს. ანუ ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო ჯგუფებს, არ შეუერთდნენ ამ პროტესტს და არ აჰყვნენ ცდუნებას, რომ ამ მომენტისთვის საზოგადოებაში არსებული განწყობების გამო ეჭვქვეშ დააყენონ ქვეყნის მომავალი. 

"ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა სწორედ ამ განწყობებს აქვს. ეს არის სამწუხარო ფაქტი. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, ვინც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდნენ ამ პროტესტს. მე მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ ხალხი გაბრაზებულია, ბევრი ხალხია და ეს არის შესაძლებლობა მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. 

ეს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს არ მოიტანს. ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება, ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისთვის, ჩვენ გვჭირდება ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის და დიახ, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების განწყობის გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვქვეშ". – ამბობს გიგა ბოკერია. 


23 მაისიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 24 მაისს აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ და იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა, თუმცა ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენესდა რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები