კოალიცია ცვლილებისთვის მათი ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის, სავარაუდოდ, ახალი ბრალის წარდგენას გამოეხმაურა. მათი აზრით, ახალი ბრალის წარდგენით ოცნება ცდილობს მელიას გატეხვას. ბრიფინგზე აგრეთვე აღნიშნეს, რომ ისინი არ აღიარებენ ქართულ ოცნებას როგროც საქართველოს ხელისუფლებას, ამიტომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლებენ ბოლომდე.
"რეჟიმის პროკურატურამ, რეჟიმის პოლიტიკურმა პოლიციამ კვლავ გადაწყვიტა, ახალი ბრალი წარუდგინოს პარტია ახალის თავმჯომარეს და კოლაიციის ლიდერს, ნიკა მელიას. ნიკა მელიასთვის ახალი გამოგონილი ბრალის წარდგენა ვერ შეაჩერებს იმ ბრძოლას, რა ბრძოლაშიც ჩვენი კოალიციის ლიდერები, ნიკა მელია და მთელი პროდასავლური ეროვნული ძალები იმყოფებიან. ნიკა მელია გაიტაცეს და მის გატაცებასთან დაკავშირებით ჩვენ უკანონო ბრალის პირობებში, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, ხოლო ამ სასამართლოებზე ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ ნიკას გატეხვას.
გამორიცხულია, ჩვენ, კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი რომელიმე ლიდერი ამ ბრძოლაში შეეგუოს იმ უსამართლობას, განსაკუთრებით იმ ბრალში, რასაც უსამართლო სასამართლოსთვის თითქოს შეურაცხყოფის მიყენება ჰქვია. გამოგონილი ბრალებით, გამოგონილი საქმეებით რეჟიმი ცდილობს წინააღმდეგობის გატეხვას. ჩვენ არ ვაღიარებთ ქართულ ოცნებას როგორც საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ არ ვაღიარებთ ქართველ ხალხთან ერთად, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებამდე." - განაცხადა ბრიფინგზე თენგო თევზაძემ.
ადვოკატ, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალის წაყენებას უპირებენ. მისივე თქმით, მელიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან.





