ნიკა მელიას საქმე

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა

ინტერპრესნიუსი

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

როდის გაიმართება სასამართლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია. 

"ვადების შესახებ ვერაფერს გეტყვით. სასამართლოზეა დამოკიდებული, როდის ჩანიშნავს პროცესს ჩვენი მხრიდან გონივრულ ვადაში იქნა შუამდგომლობა შეტანილი". – ამბობს საქმის პროკურორი. 

8 მაისს, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.


ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები