პოლიტიკური კრიზისი

საია-მ პროკურატურას ნიკა მელიას გირაოს თანხის გადარიცხვის ქვითარი გაუგზავნა

ინტერპრესნიუსი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას ნიკა მელიას გირაოს გადარიცხვის ქვითარი გაუგზავნა. როგორც ტაბულას საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა უთხრა, ელექტრონული ფოსტით ქვითარი, დაახლოებით, 17:40 წუთზე გაგზავნეს.

საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ სასამართლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართავენ, რაც ანგარიშზე თანხა აისახება, ან წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დოკუმენტი ანგარიშზე თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.   

დღეს, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 40 000 ლარი ორგანიზაციამ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა და ამაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თანახმა იყო.

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები