სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი ნამახვანჰესზე: უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მხარის მოსაზრების შეჯერება

უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვა.

საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაშიც გაყოფილია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი აბსლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს.

ამ კრიზისის დაძლევაში, სოლიდარობა გვჭირდება, როგორც არასდროს, ერთიანი ძალისხმევა, რომ ინკლუზიური მიდგომებით და სოციალური პასუხისმგებლობით ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლებას, ინვესტიციების მოზიდვას და მაქსიმალურად ხელი გავუწოდოთ სოციალურად დაუცველ ფენებს ჩვენი საზოგადოებისა.

ეკონომიკასთან დაკავშირებითაც ვხვდებით საზოგადოებაში დაპირისპირებულ პოზიციებს, ერთი ასეთი მაგალითია ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირება, ერთი მხრივ, ის საზოგადოება, რომლის წუხილიც ძალიან კარგად მესმის ვუთანაგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან, ადგილობრივი მოსახლეობა და არა მხოლოდ ის, აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება, ზოგადად, ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს.

მეორე მხირვ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გამოცოცხლებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას, ადამიანის სიდუხჭირისგან თავის დაღწევაზე აპელირებს.

ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები, უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება, ამისათვის საჭიროა, მეტი კომუნიკაცია, საჯაროობა, გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის.

სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელშიც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნების დამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედის, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით. ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს და, თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის. 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამხსნელი სიტყვა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის წინ. 

კომენტარები