მეწყერი

"ნაპრალი შევსებულია თიხით" - რა ეტაპზეა მეწყრის საპრევენციო სამუშაოები

Facebook/Tea Godoladze

გუშინ, 8 აპრილს, თბილის მერმა, კახა კალაძემ თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტის ხელმძღვანელთან, პაატა ტრაპაიძესთან ერთად მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე მიმდინარე საპრევენციო სამუშაოები დაათვალიერა.

პაატა ტრაპაიძის თქმით, ამ ეტაპზე გაკეთებულია არხი, რათა ტერიტორიაზე წყალი ნაკლებად ჩავიდეს, ასევე მიმდინარეობს მეწყრის ცემენტაცია, ნაპრალები შევსებულია სპეციალური თიხით და დამონტაჟებულია მონიტორინგის სისტემა, რომლის საშუალებითაც ტერიტორიას 5 წლის განმავლობაში დააკვირდებიან.

"გაკეთებულია არხი, რათა წყალი არ ჩამოვიდეს ამ ტერიტორიაზე, ნაკლებად დაასველოს და გადავიდეს მთლიანად ხევებში. 

მიდის, ძირითადად, მასის გატანის და ცემენტაციის სამუშაოები, რომლებიც უნიკალურია ჩვენი რეგიონისთვის, ეს არის სპეციალიზებული დანადგარები, რომლითაც ვბურღავთ 20 მეტრს საკმაოდ სწრაფად. რატომ 20 მეტრი? იმიტომ, რომ ჩვენი მოცურების ზედაპირი არის, დაახლოებით, 12-დან 14 მეტრზე. გავდივართ ამ მოცურების ზედაპირს, შემდეგ ვავსებთ ცემენტის ხსნარით, რომელიც გადის ამ მოცურების ზედაპირში და აძლიერებს იმ ხახუნს, რომელიც აუცილებელია მოძრაობის შეჩერებისთვის. 

საკმაოდ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ეს ნაპრალები შევსებულია არა ქვიშა-ღორღით, არამედ სპეციალურად მოტანილი თიხით, რათა პრევენცია მოხდეს და ნაკლები წყალი მოხვდეს სიღრმეში. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ქვემოთ დაიწევს, მაგრამ ისევ შევავსებთ, ჩვენ ამის მონიტორინგს ვაპირებთ, მინიმუმ, 5 წლის განმავლობაში, რაც არ უნდა იყოს, მეწყრის მუდმივი მონიტორინგი გარანტირებულია.

ახლა მუშაობს ორი აპარატი, რომელიც ბურღავს და სადაც დაბურღულია, ყველგან ჩასხმულია ცემენტი. ეს არ არის ხიმინჯები, რომ არ შეეშალოს მოსახლეობას, ეს არის, ჩვეულებრივად, ცემენტაციის პროცესი, რომ გაიზარდოს ხახუნი, ვისაც ესმის რაიმე გეოლოგიასა და ინჟინერიაში, რომ ნაკლებად იყოს მოცურების შესაძლებლობა. 

ვინაიდან, სტაბილიზაციისკენ მივდივართ, დინამიკაში მყოფ ბლოკში ჩავამონტაჟეთ მონიტორინგის სისტემა, რომელსაც დავაკვირდებით და გვეცოდინება ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია. 10-12 წლის განმავლობაში მთლიანად გადავალთ მონიტორინგზე, რომ დავრწმუნდეთ, დასტაბილურდა თუ არა ეს მონაკვეთი. 

დღესდღეობით, ჩვენ ჩავჭერით ფერდის თავი 5 მეტრით და გავასწორეთ, ანუ გავაკეთეთ, დაახლოებით, 45%-იანი ქანობი, სადაც, გაანგარიშების შედეგად, ვაპირებთ საწინააღმდეგო მიმართულებით გავაკეთოთ დაცურების ანკერები, თითო 100 ტონაზე იჭიმება და დაახლოებით, 400-450 ტონა შექმნის გრძელვადიანი სტაბილურობის გარემოს. 

დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუ რატომ დავიწყეთ ამის მოხსნა, ეს არის მეშვიდე კლასის ფიზიკა, ნიუტონის ერთ-ერთი კანონია, ეს არის მასის შემცირების პრინციპი, სხვა არაფერი", - ამბობს ტრაპაიძე.

ამ მიდგომას არ ეთანხმებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწვალელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგები და მისი ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე.

"მე მეგონა "ღადაობდნენ", ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო, მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ). მეჩვენება თუ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება", - წერს თეა გოდოლაძე Facebook-ზე. 

გოდოლაძემ ასევე თქვა, რომ მაჭავარიანის მეწყერს სეისმური მონიტორინგის ცენტრი აღარ დააკვირდება, რადგან კომპანიამ, რომელმაც საკითხზე მუშაობა დაიწყო, მათ მონიტორინგის სისტემა გაუნადგურა.


თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ პროცესის შესასწავლად მოიწვია, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და საქართველო უკვე დატოვეს, ისინი აპრილის ბოლომდე დისტანციურად იქნებიან პროცესში ჩართულნი. მოწვეული გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, საკითხი კომპლექსურია, გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს და,შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყრის ჩამოყალიბებისა.

25 მარტს ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

კომენტარები